ჩინურმა კომპანიამ Rustavi2-ს ბოდიში მოუხადა

გამოწერა
„საქართველოს რკინიგზამ“ მიიწვია ჟურნალისტები ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სადაც ოთხშაბათს Rustavi2-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ საქართველოს ოფისის დირექტორმა იუბინ იანგმა, რომლის კომპანია საქართველოს რკინიგზის მონაკვეთს აშენებს, Rustavi2-ის წინაშე მის გადამღებ ჯგუფთან მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

„რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დაკავებულია >>

ინციდენტი ოთხშაბათს, დილით სოფელ ქვიშხეთთან მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბი შენდება. როდესაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სიუჟეტის გადასაღებად ობიექტზე მივიდა, იქ შეხლა-შემოხლა დაიწყო. ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას განცხადებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და წაართვეს ვიდეოკამერა, მაგრამ დააბრუნეს ის, როდესაც შეიტყვეს, რომ მასში არ იყო ჩადებული ჩიპი.

„გვინდა მოვიხადოთ ბოდიში ინციდენტის გამო, რომელიც გუშინ მოედანზე მოხდა. სავარაუდოდ, ჩვენ ჩინელ მუშებსა და სტუმრებს შორის გაუგებრობა მოხდა. მომავალში ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ჩინელ თანამშრომლებს გააუმჯობესონ კომუნიკაცია, რათა მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს“, - განუცხადა იანგმა ჟურნალისტებს.

რუსთავი 2-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
თავდასხმა მოხდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე

ხუთშაბათს შსს-მ განაცხადა კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და თარჯიმნის დაკავების შესახებ.

„ჩვენი ორი თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და გუშინდელი ინციდენტის გამოძიებასთან თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ ადვოკატი, რომელიც მათ დაიცავს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ჩვენ ამას დავეთანხმებით“, - განაცხადა იანგმა.

კომენტარი ასევე გააკეთა „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მმართველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა.

„გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, როდესაც მსგავსი ძალადობა და გაუგებრობა ხდება. ერთადერთი ის გვაძლევს იმედს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სიმართლე დადგინდება. შესაბამისად, ყველა ჩართულია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც გუშინ აღვნიშნეთ - ეს არის უსაფრთხოების სტანდარტი. სავარაუდოდ, უსაფრთხოების მოთხოვნა არასწორად იქნა აღქმული. მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ზაზაშვილმა.

აფეთქება ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში – არიან დაშავებულები >>

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ „საქართველოს რკინიგზას“ Rustavi2-ის გადამღები ჯგუფის გეგმების შესახებ ინფორმაცია ექნებოდა.

დავით ჩირაძე - Sputnik საქართველო
„საქართველოს რკინიგზა" მზადაა, ნავთობის გადაზიდვის ტარიფები შეამციროს

„მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას გაგვაცნობენ“, - აღნიშნა ზაზაშვილმა.

ხუთშაბათს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ქვიშხეთში მშენებარე ობიექტზე მიიწვიეს ჟურნალისტები, რათა მათ ადგილზე გაცნობოდნენ ვითარებას და ფოტო და ვიდეო გადაეღოთ.

კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. სს „საქართველოს რკინიგზასთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთი კომპანიამ 2019 წელს უნდა დაასრულოს. მან უნდა ააშენოს ექვსი გვირაბი, მათი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ყველა ახალი ამბავი
0