სტადიონზე მორბენალმა ძაღლმა მსოფლიო მასშტაბით სახელი გაითქვა

CC BY 2.0 / ۞DLB۞ / Fetch.შავი ძაღლი
შავი ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის „დილასა" და ქუთაისის „ტორპედოს" მატჩში მონაწილეობის სურვილი ძაღლმაც გამოთქვა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ლიგის საფეხბურთო მატჩი გორის „დილასა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის უჩვეულო აღმოჩნდა – მატჩის 69-ე წუთზე მოედანზე შავი ძაღლი გამოჩნდა.

უპატრონო ერთი წლის ძაღლს, რომელიც გორის კულტურისა და დასვენების პარკში ცხოვრობს, ფეხბურთელები და სტადიონის დარაჯი უვლიან.

მატჩის დროს ძაღლმა თავდაპირველად „ტორპედოს" მცველ მამუკა კობახიძესთან მიირბინა, შემდეგ კი მოედანზე სირბილი და ფეხბურთელებთან თამაში გადაწყვიტა. ძაღლის დაშოშმინება მხოლოდ საქართველოს ნაკრებისა და "ტორპედოს" მეკარემ როინ კვასხვაძემ შეძლო მაყურებლების აპლოდისმენტების ფონზე.

ძაღლის „ოხუნჯობის" გამო მატჩის სამი წუთით გაჩერება გახდა აუცილებელი, რომელიც საბოლოოდ ანგარიშით 0:0 დასრულდა.

იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ძაღლი სტადიონზე, მოგვიანებით „დილის" სტადიონის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მენეჯერმა მერაბ მერაბიშვილმა განაცხადა.

აღმოჩნდა, რომ ძაღლს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ვარჯიშის პროცესს ტრიბუნიდან აკვირდება. ეროვნული ლიგის მატჩის დროს კი მან რატომღაც მოედანზე ფეხბურთელებთან ყოფნა გადაწყვიტა.

სტადიონიდან ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში მომენტალურად გავრცელდა და ყველა გაახალისა. კომენტატორებმა იხუმრეს კიდეც, რომ იმ პირობებში, როდესაც ორივე გუნდს ათ-ათი მოთამაშე დარჩა, თამაშში ძაღლის ჩართვა შეუძლიათ.

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, სასაცილოდ საქმე მხოლოდ სტადიონის ადმინისტრაციას არ ჰქონდა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 500 ლარით დააჯარიმა.

სამაგიეროდ, გორის სტადიონის შესახებ არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე მის საზღვრებს გარეთაც საუბრობენ. მოედანზე მორბენალი ძაღლი უცხოური მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0