სისხლიანი ღამე ვარკეთილში - ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი - დაჭრეს

CC0 / Pixabay / საპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პატრული - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება კახეთში: ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ოპტიმალ მედში" გადაიყვანა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და დაზიანებული აქვს ფილტვი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტს აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. აღენიშნებოდა ასევე მარცხენა ფილტვის დაზიანება, სადაც დრენაჟი ჩაისვა. ამ დროისთვის, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადმოყვანილი, კონტაქტური და სტაბილურია", – განაცხადა ქირურგმა სპარტაკ გიორგაძემ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს განზრახ და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0