შსს-ს ვერსია: რა გახდა მინდელის შახტში ჭერის ჩამოშლის მიზეზი

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედურ შემთხვევას ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა — 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ.-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

შახტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყუბულის შახტში: დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

საქართველოში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა>>>

გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა იმავე ადგილზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში ექვსი ადამიანი დაიღუპა.

5 აპრილს, დაახლოებით 03:45 საათზე ტყიბულის შახტში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0