არარსებული მენიუ აჭარაში: გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

© Sputnik / STRINGERსაბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ იძულების და გამოძალვის ფაქტები გახსნა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აჭარაში ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და მისი თანამშრომელი უცხოელებისთვის არარსებული მენიუს საფასურის იძულებით გადახდევინების გამო დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. 

ხელბორკილი საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
შსს-მ სამეგრელოში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

„ბრალდებულებმა თურქეთის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს“, — აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამას გარდა, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის  მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი 1986 წელს დაბადებული ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანამზრახველ მ.ა.-სთან ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800 თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გასულ თვეში აჭარის სამართალდამცველებმა 8 პირი დააკავეს ბათუმის დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეულ მომსახურებასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე და ასევე არარსებული მენიუს საფასურის იძულებით გადახდევინების გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0