რუსეთის მოქალაქეს იარაღის არსენალი აღმოაჩნდა

გამოწერა
სამართალდამცველებმა საქართველოში წლის დასაწყისიდან 202 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და დაახლოებით 2 ათასი ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგამში რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ოჯახურ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში სდებენ ბრალს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის შენობა ქარელში - Sputnik საქართველო
შსს-ს „ნადავლი“: წლის დასაწყისიდან 132 ძებნილია დაკავებული

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს — 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა", — ნათქვამია განცხადებაში.

იარაღის კონტრაბანდის მცდელობა: საზღვარზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს>>>

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელებმა რუსეთის მოქალაქის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევიო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება აქტიურად ახორციელებს მოსახლეობიდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების პროცესს — 1 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 1,9 ათასი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების მიზნით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0