ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან არეულობისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფური ხულიგნობისთვის დაკავებულთა შორის არის მოძრაობა „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტელეკომპანია Rustavi2-თან არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებით ხულიგნობის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა მოძრაობა „ქართველთა მარშის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ქართული მარშის" წარმომადგენლები ორშაბათს ტელეკომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და კვირას გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას გამონათქვამები გააპროტესტეს.

გიორგი გაბუნიამ აჭარიდან და გურიიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის შესახებ სიუჟეტის წარდგენისას აღნიშნა, რომ „იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

აქციის მონაწილეებმა „რუსთავი 2"-ის შენობასთან დაბლოკეს ავტომობილი, რომელშიც ისხდნენ გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი, რათა მათ ტერიტორია არ დაეტოვებინათ. შემდეგ „ქართული მარშის" აქტივისტებსა და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა, რომლის დროსაც სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს ცხვირი გაუტეხეს. აქციის მონაწილეებმა ასევე დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი ისხდნენ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქომ კომპანია „აიისა" და ტელეარხი „რუსთავი 2" გააკრიტიკა

იმავე დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ექვსი ადამიანი დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი. ამ საქმეზე სასამართლო მოსმენა 16 აპრილს არის დანიშნული.

თუმცა მეორე დღეს, სამშაბათს ხუთი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის წინა დღით ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიც არიან. ამჯერად მათ სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს — ჯგუფური ხულიგნობა წინასწარ შეთანხმებით.

ამასთან ერთად, დაკითხვაზე დაიბარეს „ქართული მარშის" კიდევ ერთი ლიდერი — დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე. მოგვიანებით მოძრაობის Facebook-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბრეგაძე სასტიკად სცემეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

„ქართული მარშის" აქტივისტებმა პოლიციის განყოფილების შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში, სადაც ბრეგაძე მიიყვანეს, ინფორმაცია მისი ცემის შესახებ კატეგორიულად უარყვეს.

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება. კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული. გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება", — განაცხადა ექიმმა ნინო აქიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სადღობელაშვილსა და დანარჩენ დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0