გუდაურში დაშავებული ტურისტები დასასვენებლად საქართველოში დაბრუნებას აპირებენ

© FB / Georgian National Tourism Administrationგუდაურში დაშავებულები
გუდაურში დაშავებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში საბაგირო გზაზე ავარიისას დაშავებულებიდან ხუთი ადამიანი კვლავ თბილისის კლინიკებში რჩება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. გუდაურის საბაგირო გზის ავარიისას დაშავებულები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოსვლას კვლავ აპირებენ, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები.

ავარია გუდაურის საბაგიროზე - Sputnik საქართველო
BBC და The Telegraph-ი კურორტ გუდაურში მომხდარ ავარიაზე წერს

საავადმყოფოში პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა მოინახულა. შეხვედრისას ერთ-ერთმა დაშავებულმა ტურისტმა განაცხადა, რომ უკვე ამ ზაფხულს საქართველოში დაბრუნებას აპირებს ახლობლებთან ერთად.

გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხუთი პაციენტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. ერთ მათგანს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მკურნალობას განაგრძობს ორსულიც, რომელიც გუდაუში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავდა. ის თბილისში MediClub Georgia-ში იმყოფება. მას, სავარაუდოდ, ორშაბათს გაწერენ. მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც სტაბილურს.

საერთაშორისო ექსპერტები გუდაურში - Sputnik საქართველო
დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები უკვე გუდაურში არიან

გუდაურში უკვე იმყოფებიან ფრანგული კომპანია Bureau Veritas-ის ექსპერტები, რომლებმაც ავარიის მიზეზები უნდა გამოიკვლიონ. საგამოძიებო პროცესში მათთან ერთად ჩართული არიან საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

უცხოელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ ორი გეგმა აქვთ. პირველი ითვალისწინებს ადგილის ტექნიკურ შემოწმებას და საბაგირო გზის მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას, ხოლო მეორე ეტაპი საბაგირო გზის დოკუმენტაციის შესწავლა–შემოწმებას ითვალისწინებს.

სპეციალისტები შეისწავლიან აგრეთვე ავარიის დროს რადიოკავშირის შეფერხების მიზეზებსაც.

„მიზეზი არ ვიცით. რადიოიმპულსიც ძალიან შეფერხებით მუშაობდა და ამას გამოკვლევა დაადგენს, თუ ზუსტად იმ დროს რატომ არ მუშაობდა კომუნიკაცია. მე პირადად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავი ინფორმაციის ვაკუუმში, იმიტომ რომ არ ვიცოდი ზუსტად რა ხდებოდა საძელეს მიმდებარე ტერიტორიაზე", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0