თამარ მეფის ზამთრის რეზიდენციაში ყინულმა მაჩუბი დააზიანა

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroმაჩუბი
მაჩუბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული სვანური საცხოვრისის სახურავს ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა ტრადიციული სვანური საცხოვრისი (მაჩუბი) დააზიანა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სოფელში ნიჟარაძეების საგვარეულო სვანური საცხოვრისის სახურავს ახლომდებარე კოშკის სახურავიდან ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
უშგულში სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადგილზე მობილიზებულია სოფელ ჩაჟაშის ახლადშექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს. ასევე, პრევენციის მიზნით, ჯგუფის წევრები იმ საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან, რომლებსაც მესაკუთრეების არყოფნის მიზეზით გადმოთოვის პრობლემა აქვთ.

სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წელს დაიწყო. ამ დროისთვის ჩაჟაშში მდებარე 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი უკვე რეაბილიტირებულია. დასრულდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ქვის კონსერვაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.

სააგენტოს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ჩაჟაშში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან განახლდება. წინა სამუშაოების მსგავსად, მომდევნო ეტაპზეც ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრება იგეგმება. სამომავლოდ იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.

რეაბილიტაციის პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

სვანეთი - Sputnik საქართველო
Winter in Georgia-ს კლიპი Euronews-ზე ტრიალებს

უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელსაც მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი.

გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში, რომელიც სვანურად „ცხენების სადგომს“ ნიშნავს, თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1996 წელს შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0