თბილისში სისხლმდენი ჩუტყვავილა დაფიქსირდა – გარდაცვლილია მცირეწლოვანი გოგონა

გამოწერა
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილის ვირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მცირეწლოვანი გოგონა საბავშვო ბაღში 1 თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჩუტყვავილის გართულებული ფორმა ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბავშვის გარდაცვალების ფაქტს და ჩუტყვავილის გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრო შემთხვევის შესწავლას გეგმავს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

„ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტები შეძლებენ ზუსტი რეკომენდაციების გაცემას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილის იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა“, — განაცხადა სერგეენკომ.

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ბაღის დირექტორი მზია ჯიბლაძე ადასტურებს, რომ საბავშვო ბაღში ჩუტყვავილის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

სპეციალისტების რეკომენდაციით ბაღს დეზინფექცია უტარდება, სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანმიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანიდან, სადაც მრავლდება და ლიმფური გზით გადადის კანსა და ლორწოვან გარსებში, შინაგან ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ყველა ახალი ამბავი
0