თაღლითობა სიცოცხლის ფასად - კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ციხეში ჩასვეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დიდი ოდენობით თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკა „ლანცეტის" დირექტორს, ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2016 წლის მარტში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ადამიანების დაღუპვას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯეირანლი 2017 წლის მაისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოებების შესახებ ინფორმაციის დამალვის ან ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს.

მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ სასამართლომ ჯეირანლი ინფორმაციის დამალვის ან გაყალბების ბრალდების ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ მხოლოდ დიდი ოდენობით თაღლითობაში აღიარა.

ციხის მავთულხლართები - Sputnik საქართველო
ყოფილ ჩინოვნიკს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოძიების ინფორმაციით, ჯეირანლიმ 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანიდან მოიწვია ქირურგი ტრანსპლანტატორი, რომელსაც ქართული სერტიფიკატი არც ერთ სამედიცინო სპეციალობაში არ ჰქონდა.

ამის შემდეგ ბრალდებულმა, პაციენტების ყურადღების მიპყრობის მიზნით, სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიით დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში თითქოსდა მოწვეულია ტრანსპლანტოლოგიის სფეროს ექიმი თურქეთიდან, რომელიც ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებს უფასო კონსულტაციებს უწევს.

2016 წლის თებერვალში კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა საქართველოს ორმა მოქალაქემ. კლინიკაში პაციენტებს განუცხადეს, რომ მათ ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებათ, ქვეყანაში კი იმყოფება ტრანსპლანტოლოგების ჯგუფი თურქეთიდან, რომელსაც მსგავსი ოპერაცია არაერთხელ აქვს ჩატარებული.

ერთ-ერთმა პაციენტმა ოპერაციისთვის კლინიკის დირექტორს 99 ათას ლარზე მეტი გადაუხადა, ხოლო მეორესთან გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად მას 2016 წლის 10 აპრილამდე 40 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

ღვიძლის გადანერგვის ერთი ოპერაცია კლინიკა „ლანცეტში" 2016 წლის 3 მარტს ჩატარდა, ხოლო მეორე — 8 მარტს. ორივე პაციენტი ოპერაციიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0