ფოთში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მაღაზიაში შეძენილი ხორცი გახდა

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 წლის ქალბატონი ჯილეხის დაავადებამ იმსხვერპლა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მაღაზიაში ნაყიდი საქონლის ფარშის გამო განვითარდა. ამასთანავე გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებსაც არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რამდენიმე დღეა ფოთში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ. უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლანა გოგინავა ჯილეხის დაავადებამ იმსხვერპლა.

თავდაპირველად, როდესაც ახალგაზრდა ქალმა სხვადასხვა ჩივილებით ფოთის საავადმყოფოს მიმართა, მას დიფტერიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საქმე უფრო რთულ დაავადებასთან ჰქონდათ. ლანა გოგინავას ჯილეხი დაუდგინდა, რომელიც ორგანიზმში, სავარაუდოდ, მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფარშისგან დამზადებული კატლეტის დაგემოვნებისას განვითარდა.

გარდაცვლილის ოჯახი ექიმებსაც ადანაშაულებს არასწორ მკურნალობაში და მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. როგორც გოგინავას დედამთილი ნანა ბუკია აცხადებს, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი არა დაგვიანებული მიმართვა, არამედ დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„ოთხშაბათს ყელი შეუსივდა, თუმცა სამსახურში წავიდა. ხუთშაბათ საღამოს თქვა, რომ ცუდად იყო. წავიყვანე საავადმყოფოში, რომ გასინჯეს, სიცხე არ ჰქონდა. წნევა დაუვარდა, მოიყვანეს სპეციალისტები, დაუსვეს დიფტერიის დიაგნოზი და გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც 11 საათის დაგვიანებით მოვიდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანამდე კონტაქტური იყო, გვირეკავდა და თავად გვატყობინებდა თავის ამბავს. როგორც კი საავადმყოფოში მიიყვანეს, მხოლოდ მისი სახელი უთქვამს, კრუნჩხვების შემდეგ კომაში ჩავარდნილა. ჩვენ ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. კეთილი ინებონ და გაგვარკვიონ, რასთან გვაქვს საქმე და რატომ გვთხოვენ მის დაკრძალვას აკლდამაში", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს გარდაცვლილის დედამთილმა.

პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

112 - Sputnik საქართველო
ფოთში ციმბირული წყლულით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

პირველადი და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, 28 წლის ქალის ჯილეხით დაავადება, შესაძლოა, მაღაზიაში შეძენილი დაუმუშავებელი ხორცის გასინჯვით მოხდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაავადებული ხორცის წარმომავლობის დადგენას ცდილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგი მაკა გაბუნია განმარტავს, რომ ჯილეხის დიაგნოზი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა.

„ლაბორატორიულად დამტკიცდა, რომ პაციენტის გარდაცვალება ჯილეხის დაავადებამ გამოიწვია. ეს ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები არ არის. კონკრეტულად ამ პაციენტსაც არ ჰქონია დაავადების ეს ფორმა. რაც შეეხება დაკრძალვის წესს, ცხედარი უნდა განთავსდეს სპეციალურად ჩაბეტონებულ საფლავში, რათა მისი ხრწნის პერიოდში არ მოხდეს ამ ბაქტერიის ნიადაგში გავრცელება და შემდგომ სხვა ადამიანების ინფიცირება", — აღნიშნა გაბუნიამ.

ჯილეხით, ანუ ციმბირული წყლულით ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ასეთი ცხოველების თერმულად დაუმუშავებელ ხორცთან კონტაქტით.

 

ჯემალ ღამბაშიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0