აფეთქება ბათუმში: ბოლო ინფორმაცია — სრულად განადგურებული სახლები და ორი დაშავებული

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგები
ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის მერია იმ ოთხ ოჯახს, რომელთა სახლებიც დაიწვა, საცხოვრებლით დააკმაყოფილებს

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბათუმში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული, საავადმყოფოში ორი დაშავებულია გადაყვანილი.

აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლომდებარე სახლებს მოედო, რომელთაგან ორი მთლიანად დაიწვა, დანარჩენები კი სერიოზულადაა დაზიანებული.

ცეცხლს 60 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

„ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 31 წლის მამაკაცი, რომელსაც მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მედიკოსები პაციენტს ქუთაისში რეფერირებისთვის ამზადებენ. ხოლო მეორე პაციენტს, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაშია“ მოთავსებული, კლინიკის ინფორმაციით, აღენიშნება სხეულის 90%-ის დამწვრობა, ასევე სასუნთქი გზების დაზიანებები“, — ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბათუმის მერია იმ ოთხ ოჯახს, რომელთა სახლებიც დაიწვა, საცხოვრებლით დააკმაყოფილებს. მათ დროებით დაქირავებულ ბინებში გადაიყვანენ, აცნობა  Sputnik-საქართველოს ქალაქის მთავრობის პრესსამსახურმა.

რაც შეეხება გაზგასამართ სადგურს, როგორც გაირკვა, არც ბათუმის მერიას და არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გაუციათ ნებართვა მისი ფუნქციონირების თაობაზე.

„სამინისტრო არ იძლევა მსგავს ნებართვას. შესაძლოა ისინი უნებართვოდაც მუშაობდნენ. ჯერ არ მგონია, რომ ვინმემ ამ კითხვას პასუხი გასცეს. ამას გამოძიება გაარკვევს“, — თქვა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების თქმით, უკვე დიდი ხანია აწუხებთ გაზის სუნი გასამართი სადგურიდან. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ წუხელ საღამოს მცირე ხანძარიც კი გაჩნდა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია.

ყველა ახალი ამბავი
0