გაურემონტებელი საბავშვო ბაღები: დაკავებულია ექვსი ჩინოვნიკი

გამოწერა
თიანეთის რაიონში საბავშვო ბაღები არ გარემონტებულა, თანხა კი ჩაირიცხა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია სუს-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავებულთა შორის არიან: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ახალსოფლისა და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ლია დორეული, შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში" დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ბიზნესმენის გატაცების საქმე: ბრალდებულები პატიმრობაში არიან

გამოძიების მონაცემებით, ზემოაღნიშნულ კომპანიებს თიანეთის რაიონში საბავშვო ბაღები უნდა გაერემონტებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აღებული ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს.

უფრო მეტიც, მამულაშვილმა ხელი მოაწერა სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც ორივე კომპანიას თითქოსდა შესრულებული სამუშაოსთვის თანხა ჩაურიცხეს.

სუს-ში მიიჩნევენ, რომ კომპანიების დირექტორებმა თაღლითური გზით 123 000 ლარზე მეტი თანხა მიითვისეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ("ყალბი დასკვნის წარმოდგენა", "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება", "დიდი ოდენობით თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ"), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0