21:29 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ხელბორკილები

ანგარიშსწორება თუ მართლმსაჯულება: თბილისში რეპერები ნარკოტიკებისთვის დააკავეს

© AFP/ NOEL CELIS
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
4502

ნარკოტიკებისთვის დაკავებული რეპერის ოჯახის წევრები შსს-ს ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებაში სდებენ ბრალს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს, რომელსაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მგალობლიშვილი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია პოლიციამ თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავა, რასაც ახალგაზრდების ახლობლები და ოჯახის წევრები ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად აფასებენ, რომელშიც მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცალი ორგანოების წარმომადგენლებს. ვიდეოკლიპი YouTube-ზე  არცთუ დიდი ხნის წინ აიტვირთა.

„მას (მგალობლიშვილი — რედ.) არანაირი ნარკოტიკი არ ჰქონდა. ის მას ჩაუდეს. დაკავების მიზეზი ისაა, რომ მან კლიპი გადაიღო სახელწოდებით „შავი მაისური“, რომელშიც გაკრიტიკებულია პოლიცია, შს სამინისტრო. მან კლიპით საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც პოლიციამ შეურაცხყოფად მიიღო, რამდენადაც კლიპში ჩანს ძაღლი, რომელსაც პოლიციის ფორმა აცვია და პირში ძვალი აქვს ჩადებული“, — განაცხადა მგალობლიშვილის ადვოკატმა TV Pirveli-ზე. 

მგალობლიშვილის ახლობლებისა და ნათესავების თქმით, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ვიღაცას კლიპი არ მოეწონა“.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მასთან მიმართებით აღკვეთი ღონისძიება ჯერ არ შეუფარდებია. 

პოლიციამ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,5 გრამი MDMA, ხოლო ქებურიას შემთხვევაში — 2,3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება  ამოიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე.

 სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მთავარი თემები