გარდაიცვალა საქართველოს მთავარი ონკოლოგი რევაზ გაგუა

გამოწერა
ცნობილი ექიმი ოპერაციის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა 71 წლის ქართველი ონკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის რევაზ (რეზო) გაგუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

პროფესორი გაგუა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 24 აპრილს გარდაიცვალა. გაგუას კოლეგების თქმით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო ოპერაციიდან გამოსვლის შემდეგ. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„ვწუხვარ ცნობილი ექიმის, აკადემიკოს რეზო გაგუას გარდაცვალების გამო. დასანანია, რომ ქართველ მედიკოსებს გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში ონკოლოგიის დარგის განვითარება და ონკოლოგთა მრავალი თაობის აღზრდა“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

გაგუა ონკოლოგიის საქართველოს ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

თბილისში გივი ბერიკაშვილს გამოემშვიდობნენ - Sputnik საქართველო
თბილისში გივი ბერიკაშვილს გამოემშვიდობნენ: სამგლოვიარო ცერემონიის კადრები

რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1970 წლებში იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი, 1970–1972 წლებში მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1972–1975 წლებში მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, 1975–1979 წლებში თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1989 წლიდან იყო საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე.

გაგუა 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მას ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით. 1989 წლიდან იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი.

2007 წელს საქართველოს ონკოლოგიური სამსახურის შექმნიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნულ სფეროში კეთილსინდისიერი და ხანგრძლივი სამუშაოსთვის გაგუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელი გადაეცა.


ყველა ახალი ამბავი
0