16:29 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პატრულის ეკიპაჟი

თბილისის ცენტრში ტრანსგენდერი ქალები სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
7401

თბილისის ცენტრში სამშაბათს, გამთენიისას ოთხი ტრანსგენდერი ქალი სცემეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოთხ ტრანსგენდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. ტრანსგენდერ ქალებს ხელკეტებით, ჯოხებით და წვეტიანი საგნებით შეიარაღებული 10 ადამიანი დაესხა თავს.

„თავდამსხმელი ათი ადამიანი იყო, რის შედეგადაც ოთხი ტრანსგენდერი ქალი დაშავდა. ინციდენტი გამთენიისას, დაახლოებით დილის 5:00 საათზე მოხდა. ისინი ხელკეტებით, ჯოხებით და წვეტიანი საგნებით იყვნენ შეიარაღებული, თავდასხმის შედეგად ორმა ტრანსგენდერმა მოტეხილობები მიიღო. ჩვენი ინფორმაციით, მათ ხელები აქვთ მოტეხილი“, — განაცხადა ტატიშვილმა.

დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად მკურნალობას სახლის პირობებში გადიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მივიდა, თუმცა, უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შსს–ს თანამშრომლების მხრიდან რეაგირება არაადეკვატური იყო, მათ ქმედებებში დისკრიმინაციის ნიშნები არის.

„ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა მომხდარზე მათ ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი ქალები კონკრეტულ პირებზე მიუთითებდნენ, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს, და, მიუხედავად ამისა, პოლიციას ამ ადამიანების იდენტიფიცირება არ მოუხდენია და არ დაუკავებია. რა თქმა უნდა, მათი ქმედებები იყო არაადეკვატური, არასამართლიანი და დისკრიმინაციული“, — აღნიშნა დასასრულს ტატიშვილმა.

შსს-ს ვერსიით, ტრანსგენდერები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და პოლიციელებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. მათ სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ერთ–ერთ ბარში იჩხუბეს, თუმცა დაწესებულება არ დაუსახელებიათ. დაზარალებულებმა პოლიციის განყოფილებაში მისვლაზე და ჩვენების მიცემაზეც უარი განაცხადეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანებების განზრახ მიყენება“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 6 თვემდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით.

2016 წლის 14 ოქტომბერს თბილისში ტრანსგენდერ ზიზი (ზურაბ) შეყილაძეს გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა და ერთი თვის შემდეგ ტრანსგენდერი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის თებერვლის თვის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში ბრალდებულს, შეყილაძის ნაცნობ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი თემები