შსს: რუსეთიდან მოთხოვნა „კრასნოგორსკელი მსროლელის“ ძებნაზე არ ყოფილა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენადაც მოთხოვნა არ არის, რუსეთში ოთხი კაცის მკვლელობაში ბრალდებული, ბიზნესმენი ამირან გიორგაძე არ იძებნება, განაცხადეს საქართველოს სამართალდამცავ უწყებაში.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქართველ სამართალდამცველებს რუსეთიდან მოთხოვნა რუსეთში ოთხი კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ბიზნესმენ ამირან გიორგაძის ძებნაზე არ მიუღიათ, განუცხადეს რადიოსადგურ Говорит Москва–ს საქართველოს შსს–ში. 

მანამდე სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურმა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ გიორგაძეს მოსკოვის რეგიონის დატოვება და გამვლელი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლო. 

რეზონანსური მკვლელობა პოდმოსკოვიეში, კრასნოგორსკში ორშაბათს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ პირდაპირ ადმინისტრაციის შენობაში კრასნოგორსკის ხელმძღვანელის მოადგილეს იური კარაულოვსა და ადგილობრივი ელექტროქსელების ხელმძღვანელს გიორგი კოტლიარენკოს ესროლა. სამართალდამცველებისგან მიმალვისას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, გიორგაძემ ასევე მოკლა ადგილობრივი მცხოვრები და თავისი კომპანიონი ტრისტან ზაქაიძე.

„ამ მიმართულებით არანაირი მოთხოვნა არა გვაქვს, ამიტომ, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით არაფერი კეთდება“, – აცხადებენ საქართველოს სამართალდამცავ უწყებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ პოდმოსკოვიეში მიტოვებული „რენჯ როვერი“ აღმოაჩინა, რომლითაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მიიმალა. მანქანის სალონში აღმოაჩინეს ჩანთა, 

რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი მისი ხმის დამხშობით, 30 ვაზნა, ტრავმატული პისტოლეტი, ავტომატი, ბორკილები და წებოვანი ლენტა იყო მოთავსებული.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა ადმინისტრაციის კაბინეტში გამოიყენა ავტომატის მსგავსი იარაღი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იარაღი „გაიჭედა“. მაშინ მამაკაცმა სავარაუდოდ 9 მილიმეტრი კალიბრის მქონე პისტოლეტი ამოიღო და იმით ისროლა. 


ყველა ახალი ამბავი
0