ნინო ჩხობაძე: ვაკის რაიონში კიდევ ორი მეწყერსაშიში ზონაა

© video: Sputnikზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხობაძის განცხადებით, ვარაზისხევის გზაზე, რომელიც გმირთა მოედანს ჭავჭავაძის გამზირთან აერთებს, მოდის პატარა მდინარე ვარაზი. ამ ტერიტორიაზე კოლექტორია აშენებული და მდინარე, ფაქტობრივად, მიწის ქვეშ მიედინება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამტკიცებს, რომ ვაკის რაიონში კიდევ ორი მეწყერსაშიში ზონაა. 

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს, წყალდიდობა თბილისში უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნალექს თბილისის გარეუბანში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს დროებითი ჩახერგვა მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, მდინარის ადიდება გამოიწვია.

”მოსახლეობამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ამ ტერიტორიაზე (ვაკე) არის ორი ზონა, სადაც მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაა — ერთი ფალიაშვილის ქუჩაზეა, მეორე — ე. წ. ვაკის დიდი მეწყერი — ვერეს ხეობაში, ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ქვედა მხარეს, სადაც ამჟამად კორპუსია აშენებეული და კიდევ შენდება. იქ მიწისქვეშა წყლების დინებაა”, — განუცხადა ჩხობაძემ ოთხშაბათს, 17 ივნისს ჟურნალისტებს. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვარაზისხევის გზაზე, რომელიც გმირთა მოედანს ჭავჭავაძის გამზირთან აერთებს, მოდის პატარა მდინარე ვარაზი. ამ ტერიტორიაზე კოლექტორია აშენებული და მდინარე, ფაქტობრივად, მიწის ქვეშ მიედინება.

”ვარაზისხევის დასაწყისში ასევე დგას დიდი საცხოვრებელი კორპუსი. ამიტომ ყველა ეს შენობა უნდა შემოწმდეს”, — განაცხადა ჩხობაძემ.

თბილისში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში განთავსებული შენობები: ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი სვანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, ექვსი — უგზოუკვლად დაკარგულად ითვლება.

ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებზე გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. როგორც მოგვიანებით გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, გეოლოგების დასკვის თანახმად, ეს ასფალტის ქვეშ გრუნტის გამორეცხვამ გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0