საქართველო მთელი მსოფლიოდან იღებს თანაგრძნობის წერილებს

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანაგრძნობის წერილები მოვიდა ბრაზილიიდან, ესტონეთიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, ტაჯიკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და აშშ–დან.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში მომხდარი წყალდიდობისას ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  თანაგრძნობის წერილებს იღებენ. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 

„ბრაზილიის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ადამიანური და მატერიალური დანაკარგის გამო, რომელიც საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას მოჰყვა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას, ხალხს, დაღუპულთა ოჯეხებსა და ახლობლებს“, — ნათქვამია თანაგრძნობის წერილში, რომელიც ბრაზილიის საელჩომ გაავრცელა. 

პრემიერ ღარიბაშვილს თანაგრძნობა გამოუცხადეს ესტონეთისა და ჩინეთის პრემიერ–მინისტრებმა ტაავი რიივასმა (Taavi Roivas) და ლი კეციანმა (Li Keqiang).

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ დაღუპულებისა და მატერიალური ზარალის შესახებ… ნება მოგვეცით, გამოვხატოთ გულწრფელი წუხილი ქართველი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების მისამართით. ჩინელი ხალხი სრულად იზიარებს ქართველი ხალხის უზარმაზარ ტკივილს“, — ნათქვამია ჩინეთის პრემიერ–მინისტრის წერილში.

ჩინეთიდან თანაგრძნობის გამომხატველი წერილები მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტშიც. 

პრეზიდენტ მარგველაშვილმა თანაგრძნობის წერილი პოლონეთის პრეზიდენტისგან, ბრონისლავ კომოროვსკისგან (Bronislaw Komorowski) მიიღო.

„მწუხარებით შევიტყე წყალდიდობის შესახებ, რომელიც თბილისში მოხდა. მინდა გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატო ჩემი და მთელი პოლონეთის ხალხის სახელით. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ასევე ყველა დაზარალებულს. მინდა თანადგომა გამოვუცხადო მეგობარ ქართველ ხალხს“, — ნათქვამია წერილში. 

მარგველაშვილმა წერილი მიიღო ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონისგანაც. 

„ტაჯიკეთი დიდად დაამწუხრა თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ, რომელმაც ადამიანები შეიწირა და დედაქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა“, — წერია წერილში. 

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა (David Lidington) თანაგრძნობის წერილი გამოუგზავნა ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს. 

„ჩემთვის დიდად სამწუხარო იყო საშინელი წყალდიდობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც თბილისში მოხდა და რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ქონება, თბილისის ზოოპარკი და მისი ბინადრები. მესმის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი საქართველოსა და თბილისელებისთვის“, — აღნიშნავს ლიდინგტონი. 

მინისტრმა ქართველ ხალხსა და საქართველოს, რომელიც, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია, თანადგომა და „ურყევი მხარდაჭერა“ გამოუცხადა. 

საქართველოში თანაგრძნობის წერილი მოვიდა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ  ჩარლზ ფლენგანისგანაც (Charles Flanagan).

„მოგმართავთ პირადად ჩემი და ასევე მთავრობის სახელით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. უსაზღვროდ დაგვამწუხრა ინფორმაციამ ადამიანების დაღუპვისა და ზარალის შესახებ“. 

ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოს თანაგრძნობის წერილით მომართეს ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ (Chris Murphy) და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა (Mike Turner). 

„ამ რთულ პერიოდში, როცა ქართველები ცდილობენ გაუმკლავდნენ კატასტროფას, ჩემი აზრები და ლოცვები  მათთანაა. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველ ხალს“, — აღნიშნავს ტერნერი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0