წყალდიდობით დაზარალებულთათვის შემოწირულობების ოდენობამ 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

© facebook.com/mod.gov.geსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ვთხოვეთ, რომ დახმარების დიდი ნაწილი ფულადი სახის ყოფილიყო, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, განაცხადა ხადურმა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში 14 ივნისის  ღამით მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებულმა შემოწირულობებმა 4,2 მლნ ლარზე მეტი (1,8 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. 

„მოცემული მომენტისთვის სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების ანგარიშებზე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი. ფიზიკური პირების მხრიდან შემოწირულობების სახით ჩარიცხულია მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და 1000 ევრო“, — განაცხადა ხადურმა. 

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის განკარგულებით, რეგიონების ფონდიდან  გამოყოფილია 10 მლნ ლარი, რომელიც უკვე ჩაერიცხა თბილისის მერიას. ეს ტრანზაქცია კვირას განხორციელდა“, — თქვა მან. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 ათასი ლარი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 150 ათასი ლარი გამოიყო. 

„ყველა ოჯახი ხვალვე მიიღებს ამ დახმარებას, როგორც კი ადგილობრივი მმართველობებისგან მათ ზუსტ კოორდინატებს მივიღებთ“, — დაამატა ხადურმა. 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და თბილისის მერია ორი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დონორებთან, რათა მათ მიზნობრივი დახმარების აღმოჩენა შეძლონ. 

„ძალიან დიდი აქტიურობაა ელჩების მხრიდან. პრაქტიკულად ყველა ელჩი, რომელიც თბილისში იმყოფება, დაესწრო დღევანდელ შეხვედრას და ისინი მზად არიან, აქტიურ მუშაობას შეუდგნენ ჩვენთან ერთად“, — განაცხადა ხადურმა. 

მინისტრის ინფორმაციით, დილის განმავლობაში ჩატარდება მუშაობა „კონკრეტული საიდენტიფიკაციო საჭიროებებისთვის, რომელთაც ფინანსთა სამინისტრო საფინანსო ორგანიზაციებსა და საელჩოებს გადასცემს“. 

„ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვეთ ელჩებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რომ დახმარების დიდი ნაწილი იყო ფინანსური, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, ისინი გვთავაზობენ როგორც ტექნიკურ ისე ინტელექტუალურ დახმარებას, ექსპერტებს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მათთან ამ მიმართულებით“, — განაცხადა ხადურმა. 

მინისტრის თქმით, ერთ–ერთი მისი მოადგილე ორმხრივ რეჟიმში მუშაობს ელჩებთან იმისათვის, რომ კონკრეტულმა საელჩომ და კონკრეტულმა ინსტიტუტმა კონკრეტული დახმარება გაგვიწიოს. 

„ჩვენ უკვე ვიღებთ ასეთ დახმარებას“, —  აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაღუპულთა რაოდენობამ 19 ადამიანი შეადგინა. მათგან იდენტიფიცირებულია 17 ცხედარი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0