ქართველი მეზღვაურების მეკობრეების ტყვეობიდან თავდასაღწევად დაახლოებით ერთი თვეა საჭირო

გამოწერა
ქართველი მეზღვაურების სომალიდან, მეკობრეების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად დაახლოებით 20-25 დღეა საჭირო, განაცხადა ხუთსაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში ბერძნული გემთმფლობელი კომპანია FRIO VENTURES-ის საქართველოში წარმომადგენელმა, კომპანია ”გრინვიჩ-21-ე”-ს დირექტორმა სერგო დევაძემ.

пираты, Сомали

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ქართველი მეზღვაურების სომალიდან, მეკობრეების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად დაახლოებით 20-25 დღეა საჭირო, განაცხადა ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში ბერძნული გემთმფლობელი კომპანია FRIO VENTURES-ის საქართველოში წარმომადგენელმა, კომპანია ”გრინვიჩ-21-ე”-ს დირექტორმა სერგო დევაძემ.

მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილთა შორისაა სერგო დევაძის ვაჟი, რომელიც კაპიტნის თანაშემწეა.

დევაძის განცხადებით, გემთმფლობელმა კომპანიამ დაიქირავა ადვოკატები, რომლებიც გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

”მეკობრეების პირობები ან გამოსასყიდი თანხა ჩვენთვის უცნობია. მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია”, - აღნიშნა დევაძემ.

ამასთან, მან დასძინა, რომ ერთადერთი, რაც მისთვის ადვოკატებისგან გახდა ცნობილი, ისაა, რომ ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მას პირადი კონტაქტი არც შვილთან და არც ეკიპაჟის სხვა წევრებთან არ ჰქონია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებებზე და მეზღვაურების გათავისუფლებაზე არანაკლებ 20-25 დღისა იქნება საჭირო.

სომალელი მეკობრეები, რომლებმაც გასულ კვირაში დააკავეს გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა, ბერძნულ გემთმფლობელ კომპანია FRIO VENTURES-თან კავშირზე 12 სექტემბერს გამოვიდნენ.

მაშინ დევაძემ განაცხადა: ”მეკობრეები კომპანიასთან კონტაქტზე 12 სექტემბერს გამოვიდნენ, მანამდე კი მათ ჩემს ვაჟს ნება დართეს, ოჯახს დაკავშირებოდა და ინგლისურ ენაზე ეცნობებინა, რომ ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება”.

 

ყველა ახალი ამბავი
0