ინვესტორები კონფლიქტის ზონაში: ერგნეთში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

გამოწერა
„სპორტი საზღვრებს გარეშე“ საუკეთესო საშუალებაა დროებით გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქართველებისა და ოსების შერიგების თვალსაზრისით

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ერგნეთში, კონფლიქტის ზონაში, დროებით გამყოფ ხაზთან გამართული საერთაშორისო სამშვიდობო-სპორტული ღონისძიების შემდეგ, სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში თანადგომის სურვილი ორმა ინვესტორმა გამოთქვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეხვედრა ერგნეთში - Sputnik საქართველო
პირველად 11 თვის შემდეგ: რა განიხილეს ერგნეთის შეხვედრაზე

საერთაშორისო სამშვიდობო-სპორტული ღონისძიება ერგნეთში სექტემბერში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხით „ევრომასტერის“ გენერალური დირექტორი პაატა რუსაძე და საქართველო-თურქეთის ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ოსმან მჟავანაძე დაინტერესდნენ.

„დაგვიკავშირდა ორი ინვესტორი. კომპანია ევრომასტერის გენერალური დირექტორი პაატა რუსაძე პროექტში სადრენაჟო სისტემის მოწყობით შემოდის, ხოლო საქართველო-თურქეთის ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ოსმან მჟავანაძე ხელოვნური საფარის შესყიდვით. მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორებთან ურთიერთობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეთანხმებას კი ახლა მივაღწიეთ“, — ამბობს საქართველოს სამშვიდობო ორგანიზაცია „ქართლის“ დირექტორი გიორგი სამხარაძე.

მისი განცხადებით, „სპორტი საზღვრებს გარეშე“ საუკეთესო საშუალებაა დროებით გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქართველებისა და ოსების შერიგების თვალსაზრისით, სამოქალაქო დიპლომატიის ხელშესაწყობად და ასევე ახალგაზრდების განსავითარებლად.

გიორგი სამხარაძის თქმით, პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0