თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი – ორბელი და ლაჯანა ჩაიკეტა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დღეს კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა სწორედ ორბელსა და ლაჯანაში დაფიქსირდა. აღნიშნულ სოფლებში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა; 8 სექტემბერს 45, ხოლო 9 სექტემბერს – 44 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.