რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა რაჭაში
წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
ვითარება რაჭაში: დაზიანებული ხიდები, წყლისა და შუქის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის შემადგენლობაში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები მუშაობენ.

უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. 

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
პრემიერმა რაჭაში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა – სტიქიის შედეგების ფოტოები

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული ხუთი  ერთეული მძიმე ტექნიკაც.

ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად გრძელდება სამუშაოები.  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0