პრემიერი: ქართულმა ჯარმა COVID-19-თან ბრძოლაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ქართულ ჯარს COVID-19-თან ბრძოლაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის და ამის დავიწყება არ შეიძლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ზურაბიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია>>

ქართული ჯარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ზომებს ახორციელებდა. სამხედროები განაწილებული იყვნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 საკონტროლო პუნქტზე, მათ შორის საკარანტინო ზონებისა და ჩაკეტილი ქალაქების გასასვლელებში. მათი ძალებით დამუშავდა 1,7 მილიონზე მეტი ავტომობილი. სამხედროებმა ტემპერატურა გაუსინჯეს 2,5 მილიონ მოქალაქეს და სიცხე 158 ადამიანს გამოუვლინეს.

„ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა პანდემიის წარმატებულ მართვაში. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, თავისუფალი საქართველო – ეს ქვეყნის გმირების დამსახურებაა, რომლებიც თითოეულ თაობაში გვყავდა. ახლა თითოეულის ამოცანაა, რომ საქართველო წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო გახდეს.

სამხედროები საქართველოში - Sputnik საქართველო
თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობამ წელს გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩაეტარებინა.

ყველა ახალი ამბავი
0