საპატრიარქო პატიმარი დეკანოზის ჯანმრთელობის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში, რომელიც მასმედიით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის „ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს“.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიაქო პატიმრობაში მყოფი დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საპატრიარქოს განცხადებით, მიუხედავად მამალაძის მხარდამჭერების ორწლიანი შანტაჟისა და ცილისმწამებლური პოლიტიკისა, ეკლესია ვერ იქნება გულგრილი ავადმყოფი პატიმრის მიმართ. ამის დასტურად საპატრიარქო ჯერ კიდევ თებერვალში წერდა, რომ აუცილებლად „გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა“. 

აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

გამომდინარე იქიდან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, როგორც საპატრიარქო წერს, მათ იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველს რამდენჯერმე მიმართეს „რეალობის გასარკვევად“.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს პასუხი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა გიორგი მამალაძე მათ არ გამოხმაურებია.

ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში, რომელიც მასმედიით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის „ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს“. იმავეს იმეორებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც, თუმცა ეს უკანასკნელი არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

„ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იყოს საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. 

საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
უზენაესი სასამართლო: დეკანოზის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

მოგვიანებით პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოსგან თავად საპატრიარქომ ითხოვა დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება.

 

ყველა ახალი ამბავი
0