16:04 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
 საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია

ლომჯარია რუს კოლეგას ეხმაურება: დაიცავით ქართველების უფლებები რუსეთის ტერიტორიაზე

© photo: Ombudsman / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (119)
93 0 0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უფლებრივი დარღვევის გამო რუსეთის არცერთ მოქალაქეს არ მოუმართავს

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროების შემთხვევაში დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე, წერს საკუთარ Facebook-გვერდზე საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვას მოწოდებაზე საპასუხოდ - ხელი შეუყოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გადაზიდვების განხორციელება ეკრძალებათ, ხოლო შაბათს მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქართულ ავიაგადამზიდავებსაც რუსეთში ფრენა ეკრძალებათ. ტუროპერაორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს არცერთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ“, - წერს ლომჯარია.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

რუსეთის ომბუდსმენმა ქართველ კოლეგას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა >>

„მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი“, - წერს საქართველოს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით.

„საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება“, - წერს ლომჯარია.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე, აცხადებს საქართველოს ომბუდსმენი.

„ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით“, - დაწერა ლომჯარიამ.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა >>

მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების კუთხით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (119)

მთავარი თემები