რეფორმის ფარგლებში მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები დღეს საზოგადოებას მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნეს.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში მიწის მხოლოდ 25 პროცენტი იყო რეგისტრირებული, რაც დიდ პრობლემებს ქმნიდა, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას. ამის გამო 2016 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის საფუძველზე მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

აღნიშნულ პერიოდში რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამურად 301 976 ჰექტარს შეადგენს. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ. რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში კი უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
დაურეგისტრირებელი მიწის გამოყენებისთვის დაჯარიმდებით: ვის რა სასჯელი ელოდება

ამას გარდა, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, სახელმწიფომ 276 ათასზე მეტი აზომვითი ნახაზის მომზადება 22 მლნ ლარით დააფინანსა.

მიმდინარე წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიებში საჯარო რეესტრიდან 27 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 56 ათასზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. სადავო მიწის ნაკვეთებზე კი ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1490 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა მხოლოდ განცხადება და აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინონ, სხვა ყველა უფლების წარმდგენ დოკუმენტს ადმინისტრაციული ორგანო მოიძიებს.

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0