პარლამენტის ახალი ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის მიზნით კონკურსი დღეს გამოცხადდა და ის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ატვირთული, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკურსის პირობების მიხედვით, ახალი ლოგო არ უნდა შეიცავდეს პარლამენტის არცერთი შენობის კონტურებს.

„ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს, აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. თითოეულ კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში აუცილებლად უნდა იყო 100% ორიგინალი და არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს", — განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, დღეიდან 19 აგვისტომდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს კონკურსთან დაკავშირებულ ოფიციალურ ინფორმაციას, 19 აგვისტოდან 24 აგვისტომდე კი კონკურსანტები საკუთარ საკონკურსო წინადადებას სპეციალურად კონკურსისთვის გახსნილ ელექტრონულ მისამართზე წარმოადგენენ.

გამარჯვებულისთვის დაწესებული ანაზღაურება 2 500 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.

საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში ასევე შედიან პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს აპარატისა და ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები.

ბოლოს პარლამენტის ლოგო 2013 წლის ოქტომბერში შეიცვალა. ლოგოზე პარლამენტის ძველი შენობაა გამოსახული, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მაშინ საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0