ბახტაძე სვანეთში სტიქიის შესახებ: ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ

© Sputnik / STRINGERმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭუბერში სტიქია მძვინვარებს. პრემიერი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სტიქია ჭუბერში, პირველადი შეფასებით, უხვმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ ამას ხელი ასევე ტყის სისტემურმა ჭრამ შეუწყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭუბერში გუშინ უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა ოთხი სახლი. მოსახლეობა ევაკუირებულია. ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია.

„ეს, პირველადი შეფასებით, ჭარბმა ნალექმა გამოიწვია. თუმცა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ. ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ", — განაცხადა პრემიერმა, რომელიც სვანეთში, სტიქიის ადგილზე ვითარების გასაცნობად პირადად ჩავიდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სწრაფი შეტყობინების სისტემების ყველგან დამონტაჟება. ამჟამად ის მხოლოდ ორ ადგილზეა განთავსებული.

ბახტაძის განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. მობილიზებულია ყველა, რათა ადგილზე შემოიტანონ სასმელი წყალი, საკვები და მედიკამენტები.

პრემიერი ასევე შეეხო ნენსკრაჰესის თემასაც და განაცხადა, რომ ჯერ დასკვნას დაელოდებიან.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის

„რაც შეეხება ნენსკრაჰესს, როდესაც გვექნება დასკვნა, თუ რას უკავშირდებოდა სტიქია, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ბახტაძემ.

ადგილობრივებმა წყალდიდობის მიზეზად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაასახელეს, რასაც კომპანია „ნენსკრა ჰიდრო" კატეგორიულად არ ეთანხმება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია.

„გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრაჰესის" მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნილ ვითარებას „ნენსკრაჰესის" მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მდინარე ენგურის ერთ–ერთ შენაკადზე, მდინარე ნენსკრაზე საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ნენსკრაჰესის" მშენებლობა იგეგმება, რომლის სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. პროექტის დასრულება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

ყველა ახალი ამბავი
0