ავტომობილები საქართველოდან სომხეთში ვერ შედიან

© photo: Sputnikგზა სამცხე-ჯავახეთში
გზა სამცხე-ჯავახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე პრობლემები ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოდან სომხეთში მიმავალი ადამიანები „ნინოწმინდის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ვერ კვეთენ, რადგან სომხურ მხარეს პუნქტი შეფერხებებით მუშაობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საზღვარზე პრობლემები ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები ერევანში ქუჩების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასევე მთლიანად პარალიზებულია მეტრო; გადაკეტილია დედაქალაქიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი საავტომობილო ტრასაც, სადაც თანამშრომლები გაიფიცნენ.

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
იწყება „მეგობრობის ხიდის" მშენებლობა საქართველოსა და სომხეთს შორის

ასევე გადაიკეტა სომხეთიდან საქართველოსკენ მომავალი რკინიგზა 14 მონაკვეთზე. თუმცა, მანამდე საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ „Sputnik-საქართველოს" განუცხადა, რომ მატარებლების საქართველოდან სომხეთში და პირიქით გადაადგილებისას შეზღუდვები არ არის.

იმის გამო, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე" სომხური მხარე ადამიანებსა და ავტომობილებს არ უშვებს, საზღვრის ქართულ მხარეს წარმოიქმნა „საცობი", ხოლო სომხეთიდან საქართველოს მხარეს პრაქტიკულად არავინ მოძრაობს.

ამასთან, თბილისის ცენტრალური ავტოვაგზლის სალაროებში „Sputnik-საქართველოს" განუცხადეს, რომ სომხეთისკენ მიმავალ ავტობუსებზე ბილეთების გაყიდვა არ შეწყვეტილა.

„ნინოწმინდის" გარდა საქართველო-სომხეთის საზღვარზე კიდევ სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ დანარჩენი პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0