პრემიერი: უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ

© Sputnik / Alexander Imedashviliპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დატოვებას აპირებს, ქვეყანაში „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილებაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თავის ერთიანობას შეინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხმები მმართველ პარტიაში შესაძლო განხეთქილების შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის ერთ–ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის დატოვებას აპირებს. ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 149–იდან 116 დეპუტატი ჰყავს. ერთი დეპუტატის ადგილი ვაკანტურია, სანამ 28 აპრილს ვანი–ხონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები არ ჩატარდება და მისი შედეგები არ გახდება ცნობილი.

„იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი; ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
მიჯირყვნის დიდოსტატები „ქართულ ოცნებაში“ და ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუნდში არ არის დიქტატურა და თითოეულს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან, 116 დეპუტატთან, უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ თითოეულ დეპუტატს აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

ამასთან, კობახიძემ პარტიის შიგნით ცვლილებები არ გამორიცხა.

„ახლა ტარდება რაიონული და საქალაქო კონფერენციები. დასრულდება კონფერენციები, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც, წესდების თანახმად, უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება განახლებას, ეს შეეხება არსებითად, მხოლოდ და მხოლოდ, მე ვფიქრობ, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში 21 ადამიანია, მათ შორის პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თბილისის მერი კახა კალაძე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

ასევე, პოლიტსაბჭოში არიან ეკა ბესელია, გია ვოლსკი, გედევან ფოფხაძე (რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა), მამუკა მდინარაძე და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0