საქართველოს პირველმა პირებმა ტყიბულის შახტაში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულის მაღაროში გამთენიისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება).

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.

„ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა", — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წერილში.

შახტა - Sputnik საქართველო
ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში: დაღუპულია ექვსი მუშა, დაშავებულია - სამი

პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, შრომის უსაფრთხოების აღსრულების უმკაცრესი კონტროლი, რომლისთვისაც საჭიროა როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოებისა და დამსაქმებლების ძალისხმევა.

სამძიმარი მაღაროელების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გამოთქვა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის", — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მეტი აქტიურობაა საჭირო.

„მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულის შახტაში დაღუპული ადამიანების დაღუპვის გამო… არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია", — აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას.

შახტა - Sputnik საქართველო
საქართველოს შახტებში შრომის პირობები მოწმდება

მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა კვლავ ტყიბულში. ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შახტაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, საქართველოს",- აღნიშნულია დედაქალაქის მერის წერილში.

ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ადგილზე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, იმერეთის გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა), რომელიც ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას.

2009-2014 წლებში მინდელის მაღაროში 15 მუშა დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღემატება. სამთო მასის ჩამოშლის შედეგად ბოლოს ტყიბულში გასული წლის 27 ოქტომბერს ერთი მუშა დაიღუპა. ასევე, ორიოდე კვირის წინ ჭიათურის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0