როდის არ ვენდოთ ექიმებს: ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მოსახლეობის საჩივრებთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ექიმი საჭიროზე მეტ წამლებს ნიშნავს და თან პაციენტს კონკრეტულ აფთიაქზე მიუთითებს, თუ სად უნდა შეიძინოს ეს წამლები.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. არ მიიღოთ ექიმის რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ რომელ აფთიაქში შეიძინოთ ესა თუ ის მედიკამენტი, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აღშფოთებას გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით და ეჭვობს მედიკამენტების ხარისხისა და ექიმების კეთილსინდისიერების გამო.

„მინდა ყველას მივმართო, თუ ექიმმა რომელიმე კონკრეტულ აფთიაქზე მიგითითათ, რათა მედიკამენტი იქ შეიძინოთ, ეს რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ექიმი პაციენტს საჭიროზე მეტი რაოდენობის მედიკამენტს უწერს და, მეორე მხრივ, პაციენტს კონკრეტული მითითება ეძლევა – სად შეიძინოს ეს მედიკამენტი“, – განაცხადა სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექიმები, რომლებიც საჭიროზე მეტ წამალს ნიშნავენ, ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა და ეს საკითხი ელექტრონული რეცეპტების სისტემის მეშვეობით გადაიჭრება. ეს სისტემა, რომლის შემოღებაც თბილისში უახლოეს დღეებში იგეგმება, ჯანდაცვის უწყებას ამ პროცესის მონიტორინგის საშუალებას მისცემს, განაცხადა სერგეენკომ.

„რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ ყველა ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულება ვნახოთ და გზამკვლევებს შევადაროთ, რადგან საქართველოში წელიწადში ექიმთან 14 მილიონი ვიზიტი ფიქსირდება და თითო ვიზიტის დროს რამდენიმე მედიკამენტი გამოიწერება, მაგრამ არსებობს სტატისტიკური კანონები, თუ როგორ უნდა შეარჩიო შემთხვევები, რათა კრიტიკული წერტილები ნახო“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ელექტრონული რეცეპტების მიღება და რა არის მათი უპირატესობა, მინისტრმა უპასუხა, რომ პაციენტებს აღარ დასჭირდებათ ქაღალდის რეცეპტების ტარება, შესაბამისად, მათი დაკარგვის საფრთხეც გაქრება, გარდა ამისა, არ დაიტანჯებიან ექიმის გაურკვეველი ხელწერის გარჩევისას.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
სააფთიაქო ნარკომანია: საქართველოში რეცეპტის გარეშე წამლებით ვაჭრობა აღკვეთეს

„ეს იქნება პროცესი, როცა პაციენტი ექიმთან მიდის, ექიმი დანიშნულებას წერს, რაც სისტემაში იტვირთება. ამის შემდეგ პაციენტი ნებისმიერ აფთიაქში მიდის, პირადობის მოწმობას აჩვენებს და მედიკამენტს იღებს. თუ მას რეცეპტის გაგრძელება სჭირდება, ამის გაკეთებას თავადაც შეძლებს, მათ შორის, მობილურის აპლიკაციით“, – განაცხადა სერგეენკომ.

2016 წლის აგვისტოდან საქართველოში ელექტრონულ რეცეპტებს ექიმები სურვილის შემთხვევაში გასცემენ, მაგრამ ახლა პროცედურა სავალდებულო ხდება. ეს ინიციატივა ამ კვირაში თბილისელებს შეეხება, შემდეგ თანდათანობით – მთელ საქართველოს.

ელექტრონული რეცეპტები – ესაა ცენტრალიზებული სისტემა, რომლით სარგებლობაც ქვეყანაში ყველა ექიმსა და სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია. სისტემის ტესტირება 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0