გარჯა „ჩვენებური“ და ბუნტის შიშით გაბნეული მილიონები

გამოწერა
ვინ როგორ ირჩენს თავს, როცა სახელმწიფოს ამისთვის არ ან ვერ იცლის... ვინ არიან თვითდასაქმებულები, როგორია მათი შემოსავლები და რატომ კარგავს სახელმწიფო ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს?

დიდი დრო არ გასულა, რაც ყველამ ერთად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შევიტყვეთ. იყო მრავალი კითხვა და ამდენივე პასუხი ანუ საზოგადოების განწყობა ციფრებში… თუმცა, საბოლოოდ არაფერი უცხო და მოულოდნელი. კვლევის შედეგებსა და მისდამი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულებაზე უკვე ბევრი ითქვა. ამიტომ თქვენს ყურადღებას ციფრების ახალი კალეიდოსკოპის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე გავამახვილებ.

საზოგადოებისთვის კვლავაც უცვლელია მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, მათ შორის კი 60 პროცენტი თავს დაუსაქმებლად, ხოლო 40 პროცენტი დასაქმებულად მიიჩნევს. დასაქმებულად მოიაზრება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი სახელმწიფო თუ კერძო სექტორში და ასევე, თვითდასაქმებული… ამ ჩამონათვალიდან სხვა მეტ-ნაკლებად გასაგებია, საინტერესოა ვინ არიან თვითდასაქმებულები? მესაკუთრეები, რომელთა საქმიანობის მიზანია მოგების ან ოჯახური შემოსავლის მიღება, — ენციკლოპედიური ლექსიკონის ამგვარი განმარტების მიღმა, მოიაზრება არაერთი საქმიანობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ  დაურეგულირებელია…

მოულოდნელი აქაც არაფერია, იქ, სადაც სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი ვერ ახერხებს დასაქმებას, ადამიანები საკუთარი რისკისა და ენერგიის ფასად ცდილობენ, მონახონ თავიანთი ნიშა საბაზრო ეკონომიკაში, მიიღონ შემოსავალი და ამ სახსრებით ოჯახები არჩინონ.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი — ამ და სხვა საქმიანობით მილიონზე მეტი კაცი ირჩენს თავს. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ჯამურად ამ ბიზნესებში წელიწადში 200-300 მილიონი ლარი  ბრუნავს. დასაქმებულთა შემოსავლები არ იბეგრება და სახელმწიფო ხაზინა ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს კარგავს. ე.წ ფისკალურ ეფექტზემოგვიანებით შევჩერდები. მანამდე კი თვითდასაქმების ცალკეული სახეობები მიმოვიხილოთ და ვცადოთ გავარკვიოთ სად არის ე.წ „შავი ლაქები“, რა არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეული…

„ტაქსაობა“ საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. მათი უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების სქემაზე, რის შემდეგაც ამ საქმიანობით დაკავებულ პირთ განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, არ არის გამორიცხული, მოსაკრებელიც დაუწესდეთ. იმის გამო, რომ არ არსებობს ტაქსების ზუსტი აღრიცხვა, სტანდარტული ტარიფი ან დადგენილი სამუშაო საათები, ძნელია სათქმელია, საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ერთი ტაქსის მძღოლი, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, სრული დატვირთვის პირობებში ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ყოველდღიური მინიმალური მოგება დაახლოებით 25-35 ლარია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ამ ბიზნესში წელიწადში ასეულ მილიონ დოლარზე მეტი ტრიალებს.

ტაქსი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ALLO TAXI!..

ტოტალური უმუშევრობის პირობებში, ბევრისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა რეპეტიტორობა. კაცმა, რომ თქვას ეს ერთადერთი საქმიანობაა, როცა ჩვენში ცოდნა ფასდება და გაყიდვადია. რამდენი ადამიანი ირჩენს თავს ამ საქმიანობით? დათვლა აქაც რთულია. ზოგჯერ ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა. რეპეტიტორების აღრიცხვის მსგავსად, ძალზე ძნელია მათი საშუალო შემოსავლების დათვლა. გასამრჯელო დამოკიდებულია საგანზე, პედაგოგის ავტორიტეტსა და კვალიფიკაციაზე. ბევრისთვის რეპეტიტორობა უკვე იმდენად სარფიანია, რომ საქმიანობისთვის ცალკე ფართობიც იქირავეს და მიღებული შემოსავლით იჯარასაც იხდიან და მოგებაც სოლიდური რჩებათ.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული საქმიანობა ძიძად ან ოჯახში მომვლელად მუშაობაა. დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გორის ვიცე-მერის სახლში ძარცვის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

ის, რაც ჩამოვთვალეთ, თვითდასაქმების ყველაზე გავრცელებული სახეებია საქართველოში, თუმცა დღეს ადამიანები თავს ირჩენენ სახლების დალაგებით, მზარეულობით, ძაღლების გასეირნებით, ხელსაქმით, მიწის დამუშავებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით. რა თქმა უნდა, კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ყველა მათგანს არ აკისრებს. თვითდასაქმებულთა შორის არიან ისინიც ვისი საქმიანობაც კანონით დასჯადია, თუმცა სახელმწიფო თვალს ხუჭავს. არ დავკონკრეტდები, გონიერი მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ — არალეგალური „ვარდისფერი კვარტლები“ ჩვენი დროების კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა…

ძირითად თემას დავუბრუნდეთ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, თვითდასაქმებასთან გვაქვს საქმე თუ შენიღბულ უმუშევრობასთან. ამისთვის კი დეტალური კვლევაა საჭირო, რომ შეფასდეს თვითდასაქმებულის შემოსავლები, ცხოვრების დონე და ა.შ.

ეს პრობლემა ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლია. „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში მილიონზე მეტი თვითდასაქმებულია. მათი ფისკალური ეფექტი ძალზე მცირეა, მაგრამ ეს ადამიანები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად რომ ყოფილიყვნენ და ხელი არ გაენძრიათ, მაშინ ეს მილიონზე მეტი, რომელთა უკან ასეულათასობით ოჯახი დგას, უზარმაზარი თავის ტკივილი და ტვირთი იქნებოდა, რასაც ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებდა. ეკონომისტთა შეფასებით ეს საკითხი ფისკალურზე მეტად  სოციალური დატვირთვისა და სტაბილურობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

ბავშვები - Sputnik საქართველო
საქართველოში 15 ათასზე მეტი ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს

ბიუჯეტის ფორმირებაში თვითდასაქმებულების წვლილი — მოკრძალებული. მეორე მხრივ, სახელმწიფო ვერ იღებს, ან ბოლომდე არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა მათ დასაქმებაზე, მაგრამ სახელმწიფოს არც უარყოფს, რომ აქვს ამ კონტინგენტისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ განსაზღვრული სოციალური პასუხისმგებლობა, მათი განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და რიგი სხვა ასპექტების გამო. ფაქტობრივად, რა გამოდის?— მათი წვლილი საზოგადოებრივი დოვლათის ფორმირებაში მინიმალურია, ხოლო მოხმარების მხრივ ისინი ძალიან აქტიური და შეიძლება ითქვას, საშუალოზე უფრო მაღალი დონის მომხმარებლები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ თვითდასაქმებულთა კონტინგენტის ერთი ნაწილის ასაკი საკმაოდ მაღალია. აი, ამგვარ პარადოქსს ვაწყდებით.

და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ როცა სასწორის ერთ პინაზე დევს ფისკალური ეფექტი ბიუჯეტში და მეორეზე — სოციალური სტაბილურობა, სახელმწიფო უპირატესობას იმას ანიჭებს, რაც უფრო ძვირად უღირს მოცემულ მომენტში…

ყველა ახალი ამბავი
0