აბაშიძე და კარასინი პრაღაში შეხვედრას გამართავენ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემაა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 16 ნოემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და შეთანხმება ქვეყნებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, დიპლომატები განიხილავენ ფორმატისთვის ტრადიციულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ თემებს.

უფრო ადრე აბაშიძემ "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში პრაღაში შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დიალოგი რუსეთთან რთულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დიალოგი.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინმა საქართველოს ტვირთების მონიტორინგზე შეთანხმების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. ბოლო შეხვედრაზე ივლისში აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების შესრულება.

კარასინისა და აბაშიძის მოლაპარაკებები, ტრადიციულად, პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას ითვალისწინებს.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის იგი დიალოგის ერთადერთი ფორმატია საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ჟენევის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებმა თავისი ნაყოფი უკვე გამოიღო. რუსულ ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო და ბორჯომი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ქვეყნებს შორის ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ამჟამად რუსეთი ქართული პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.

ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგია 2015 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მეტად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი ქართული ავიაკომპანია "აირზენას" (Georgian Airways) ეკიპაჟის წევრებისთვის. ავიაკომპანია რუსეთის ქალაქებში რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0