10:03 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ალექსანდრე ჯეჯელავა

რას აპირებს ჯეჯელავა

© photo by press-service of Ministry of Education and Science of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (49)
27 0 0

ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა, საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და ახალ მინისტრს რჩევები მისცა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას დაუბრუნდება, ასევე გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თავისი უფლებამოსილება უწყების ახალ ხელმძღვანელს გადასცა.

ჯეჯელავას ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

„ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად", — განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.

ყოფილმა მინისტრმა შეაფასა თავისი საქმიანობა განათლების მინისტრის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჯეჯელავას თქმით, მოხერხდა საძირკვლის ჩაყრა მთავრობის გეგმის განხორციელებისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლების სისტემის რეფორმა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება.

„ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის მიმართ და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ. ვაპირებ, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო", — აღნიშნა ჯეჯელავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამ გამოიწვია განათლების მინისტრის შეცვლა, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის, თავად მისი და თავისი კოლეგების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და დასძინა, რომ ასე უმჯობესი იქნება განათლების სისტემისა და რეფორმების განხორციელებისთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ ინიცირებული სკოლებში ვაშლების დარიგება დეკემბერში დასრულდება, სამაგიეროდ, აუცილებლად გაგრძელდება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზება. რაც შეეხება ვაშლებს — ეს ამ კამპანიის მხოლოდ ერთი კომპონენტია, აღნიშნა ჯეჯელავამ.

თავისი საქმიანობის პერიოდში ყველაზე პოზიტიურ ქმედებებად ჯეჯელავამ დაასახელა სკოლების განვითარება, პროფესიული განათლება, ინტერნაციონალური განათლება, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის შეცვლა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

ჯეჯელავას აზრით, ახალი მინისტრისთვის მთავარი გამოწვევა კვალიფიციური პედაგოგების უკმარისობა იქნება სოფლის სკოლებში, ასევე სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დეფიციტი შეინიშნება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შორის.

გარდა ამისა, გამოწვევებს შორისაა პროფესიულ სასწავლებლების მოსწავლეთა მცირე რაოდენობა.

„მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით, ყოველდღიურ რუტინაში თუ არ ჩავეფლობით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე", — განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას შემდეგ ჟურნალისტებთან გავიდა ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მთელ თავის ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებისკენ მიმართავს.

„ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან კარგი თაობა მოდის. ამ თაობას უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს", — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელმა პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოქმედებების კონკრეტულ გეგმას. მისი თქმით, აქტიური მუშაობა იქნება ყველა მიმართულებით, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის კუთხით.

 

თემები:
განათლება საქართველოში (49)

მთავარი თემები