ქართველი ერის მოჭირნახულე

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / Gaga.vaa / Sulkhan-Saba Orbeliani statueსულხან-საბა ორბელიანის ძეგლი ბოლნისში
სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი ბოლნისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
359 წლის წინ, 4 ნოემბერს ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი

„ვიყავ სწავლისა ფრიად მოყვარე“- გაგვანდო სულხან-საბამ. მას, მართლაც, ზედმიწევნით შეუსწავლია საღვთო წერილი, გალობა, ისტორია, მათემატიკა, ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო საგნები, საფუძვლიანად სცოდნია თურქული ენა, იცოდა სომხურიც, სარგებლობდა  ბერძნული, ლათინური და რუსული ენებით.

© National Library of Georgiaსულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი - Sputnik საქართველო
სულხან–საბა ორბელიანი

„ჟამსა სიჭაბუკისასა თვისისა“ დაუწყია,,ქართულ ლექსიკონზე“ მუშაობა,  ერის საუნჯეა მისი „სიტყვის კონა“. იგი ახალგაზრდობის პერიოდშივე ქმნის,,სიბრძნე სიცრუისას“, რომელშიც 152 იგავ-არაკია ჩართული. სამოგზაურო ჟანრის ნიმუშია მისი „მოგზაურობა ევროპაში“, რომელშიც დღიურების სახით აღწერილია საფრანგეთსა და იტალიაში მოგზაურობას შთაბეჭდილებები. თხზულების პირველი ნაწილი, საფრანგეთის აღწერა, სამწუხაროდ, დაკარგულია. ფასდაუდებელია სულხან-საბას ქადაგაბების კრებული —,,სწავლანი“ — ეს მცირედი ჩამონათვალი მისი ლიტერატურული მოღვაწეობისა.

1703 წლიდან სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ საქმიანობას იწყებს. ორჯერ იმყოფებოდა სპარსეთში, ევროპაში. 1714 წლის აპრილში ვერსალში საბა მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ. პარიზიდან გამობრუნებულს იმავე წლის ივლისში ორჯერ ჰქონდა აუდიენცია რომის პაპ კლიმენტოს მეთერთმეტესთან. მას ყველგან დიდი პატივით დახვდნენ, მაგრამ რეალური დახმარება არ გაუწიეს. როგორც მიჩნეულია, ევროპა, პატარა საქართველოს გამო, ირან-ოსმალეთს არ დაუპირისპირდა. 

© National Library of GeorgiaСулхан-Саба Орбелиани
Сулхан-Саба Орбелиани - Sputnik საქართველო
Сулхан-Саба Орбелиани
  

სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობასა და ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან შეხვედრაზე ბევრი რამ დაწერილა. ჩვენ კი ერთ სულისშემძვრელ ლოცვას შემოგთავაზებთ გურამ ხარაიძის წიგნიდან „ამბავი ჩემი წინაპრისა“ და, რომელშიც ნათლად ჩანს ბედი, მართლაც, ერისა და მამულისათვის წამებული ქართველისა: 

„შუაღამე მოტანებული იყო. მონასტრის სალმლოცველოში ერთადერთი სანთელი ენთო. სულხან-საბას უზარმაზარი ლანდი მთელ კედელზე განფენილიყო და ალთან ერთად ირხეოდა. ლოცვად იდგა „მამად ქართველთა“ წოდებული:   

„საწუთროს გამგებელო, სისხლისგან დამშრალ და დაღლილ საქართველოს გავედრებ! მოგვხედე, შეგვინდე, შეგვიწყალე, ზეციერო! ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა მლოცველი, ალბათ, ქართველი გყავს. არ გეწყინოს, ნუ შეგვზრახავ! არ სცალია ბედგამწარებულ საქართველოს… რა დააშავა ქართველმა კაცმა: ცალ ხელში გუთანი, მეორეში — ხმალი! როდის, როდისღა დაემხოს შენს ფერხთით?!

ბასრია მუსლიმანის კაუჭა ხმალი, ზეციერო! მათი ნახევარმთვარეც ხმალივით კაუჭა და ბასრია, კისერზე გვაქვს მობჯენილი… 

არ იდრიკება, ზეციერო, ქართველი კაცი, არა! ამითაა უფრო საცოდავი. შენ რა გესწავლება. განა, შენვე არ დაუდგინე ფოლადს წესი — არ გაიღუნო, მხოლოდ გატყდიო?! მეშინია, არ გატყდეს, არ ამოწყდეს… მეშინია, გაფიქრებაც მეშინია.

გავედრებ ჩემს ერსა და მეფეს მბრძანებელს, სახლს მოცილებულს, წიგნიერს, სათნოსა და უშიშარს, ერის მოამაგეს — ვახტანგს!

მხოლოდ ერთ კაცს არ გავედრებ, ზეციერო, რაც ინებო, შეჰყარე, სენი არ დააკლო და ვარამი, ოღონდ საქართველოს მოასწარი ერთიანს, ძლიერსა და ღონიერს, დაბინავებულს წიგნითა და სახნისით. ეს კაცი მე ვარ, ზეციერო, მონა შენი, ძალად ბერი, ძალად ელჩი, ძალად მეომარი — სულხან-საბა ორბელიანი — მოხუცი, სნეული, გაწბილებული.

სანთელი ცრემლად იღვენთებოდა. კედლებიდან წმინდანები გაკვირვებულნი უსმენდნენ უცხო ენაზე თავდავიწყებით მოჩურჩულე გოლიათს“

დღეს სწორედ ამ „გოლიათის“ — სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეა!  

 

ყველა ახალი ამბავი
0