მიხეილ ჯანელიძის სიტყვა ევროპარლამენტში: ძირითადი აქცენტები

© Сайт Ministry of Foreign Affairs of Georgiaმიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტში
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ევროპაში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა.

ბრიუსელში ორდღიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებზე, მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

"ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი ენთუზიაზმით განსმჭვალულ ქვეყნებს შორის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს. ეს განსაკუთრებული ნდობა ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართ არ შენელებულა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა", — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

ჯანელიძემ აღნიშნა, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოსთვის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ევროპული ინტეგრაცია და მისი ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტებია.

მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი განახორციელა, კერძოდ, ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის გათვალისწინებით, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, გაერთიანება ევროპის ენერგეტიკულ კავშირთან და მრავალი სხვა, რაც დადებითად აისახა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე.

ჯანელიძის შეფასებით, საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რაც სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან სტანდარტიზაციას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, გატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესა სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, რის შედეგადაც ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სულ უფრო იზრდება.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ევროკავშირის 28 ქვეყნის ელჩები საქართველოს რეფორმებს ეცნობიან

ჯანელიძემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და მთავარი პარტნიორია რეგიონში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტერორიზმის, რადიკალიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ჰიბრიდული და კიბერ-საფრთხეების, ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა კრიზისების მართვის ოპერაციებში.

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაწყებულ სტრატეგიულ დიალოგზე უსაფრთხოების საკითხებში, რაც მხარეებს საერთო გამოწვევების განხილვის შესაძლებლობას აძლევს.

ჯანელიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში წარმატებული მაჩვენებლები აქვს.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის ბოლო შეფასებით, საქართველო დასახელდა ლიდერად იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც დასავლურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესში არიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები და საქმიანობა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ორგანიზაცია ოპერირებს", — განაცხადა ჯანელიძემ.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

მინისტრმა ევროდეპუტატებს ასევე წარუდგინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ახალი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, რაც აღინიშნა ასობით მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტების დაწყებით.

მინისტრის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს დაეხმარება. ამასვე პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

ჯანელიძის განცხადებით, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად საქართველომ გააძლიერა ევროკავშირთან ინტეგრაციის სექტორული პროცესი და არაერთ პროგრამას შეუერთდა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ბიზნეს-საქმიანობის თავისუფლებასა და რეგიონში მის სატრანზიტო ჰაბის ფუნქციაზე. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა რეფორმებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციამ მთავრობას რეკომენდაციები მისცა

"ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროპული კომპანიების წვდომაში სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე და პირიქით. ჩვენ დავაჩქარეთ საგზაო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამა, ვაშენებთ ახალ ღრმაწყლოვან საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ვასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს", — განაცხადა ჯანელიძემ.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-პრემიერს რიჩარდ ჩარნეცკის.

2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო — ორ მხარეს შორის დაიწყო დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. პირველ სამუშაო შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდა საგარეო ქმედებების ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარი, ქართული მხრიდან — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0