საქართველოს მოქალაქეები სიგარეტის ყიდვის გამო თურქეთში არ შეუშვეს

გამოწერა
დილით ინციდენტი მოხდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სადაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვითარება ისედაც გართულებულია.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თურქულმა მხარემ „სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არ გაატარა საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სიგარეტი ნეიტრალურ ზონაში შეიძინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით.

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ვითარება დილიდან დაძაბული იყო. საქართველოს ათობით მოქალაქე მესაზღვრეების ქმედებას აპროტესტებდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე როგორც მოქალაქეები, ისე ავტომობილები და სატვირთო მანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან. ეს ახალი პრობლემა არაა, რაც თურქულ მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი დღეს გაჩნდა — თურქეთმა იმ მოქალაქეებს უთხრა ქვეყანაში შესვლაზე უარი, ვინც სიგარეტი ნეიტრალურ ზონაში, ე.წ. Duty Free-ში იყიდა", – განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
„სარფის“ საბაჟოზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება

გარდა ამისა, მისი განმარტებით, მათ რიცხვში, ვინც თურქმა მესაზღვრეებმა არ გაატარეს, ის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც სიგარეტი საერთოდ არ ჰქონდათ.

ქართველი მესაზღვრეები თურქ კოლეგებთან მუდმივ კონსულტაციას აწარმოებენ.

„თურქული მხარე აცხადებს, რომ მათ ის მოქალაქეები არ გაატარეს, რომლებმაც სიგარეტები იყიდეს, თუმცა ოფიციალური შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ ვითხოვთ წერილობითი ფორმით ოფიციალურ შეტყობინებას, თუ რატომ არ შეუშვეს ჩვენი მოქალაქეების გარკვეული კატეგორია საზღვარზე", — განაცხადა მან.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. ქართველი მესაზღვრეები თურქ კოლეგებთან შეხვედრაზე გაემგზავრნენ.

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და, სავარაუდოდ, ერთი წელი გაგრძელდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ავტომობილების, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მგზავრებს ექვსის ნაცვლად მხოლოდ ორი დერეფანი მოემსახურება. ერთი ემსახურება ქვეყანაში შემომავალ ავტომობილებსა და მგზავრებს, ხოლო მეორე — ქვეყნიდან გამავალს.

ყველა ახალი ამბავი
0