საქართველოს პირველმა ლედიმ საქველმოქმედო აქციისთვის კოლექცია შექმნა

გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ ორიგინალურად გააფორმა კოლოფები, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიტანილი საჩუქრები იდო

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ თბილისში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ზარდახშების საკუთარი კოლექცია წარადგინა, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის მოხატა.

აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანას" გადაეცემა. პირველმა ლედიმ ორიგინალურად გააფორმა ზარდახშები, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიტანილი საჩუქრები იდო.

„თქვენ მათი გამოყენება ძალზე პრაქტიკულად შეგიძლიათ. მინდა თავად ყუთების ისტორია მოგითხროთ, როცა პრეზიდენტის საჩუქრებს ყუთიდან იღებენ, ისინი ცარიელდება და კარგავენ ფუნქციას. მე გადავწყვიტე, რომ მათ შევუნარჩუნო და გავუხანგრძლივო სიცოცხლე", — განაცხადა ჩიჩუამ.

საბავშვო ჰოსპისი - Sputnik საქართველო
პირველად საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა

პირველ ლედისთან ერთად საქველმოქმედო საღამოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ თითოეულ გაყიდულ ლოტს, რომელიც 25 იყო, სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან 500 ლარი დაემატება.

პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა" თბილისში 2017 წლის იანვარში გაიხსნა. ჰოსპისი — საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

„ციცინათელების ქვეყანა" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვებსა და მათი მშობლებს საჭირო მომსახურების მისაღებად შეუძლიათ დილიდან საღამომდე ჰოსპისში დარჩნენ და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0