07:41 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამების საკათედრო ტაძარი

ილია მეორე ღვთისმშობლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 20 სექტემბერს ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ეკლესია წმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს როგორც საყოველთაო სიხარულის დღეს ზეიმობს. ამ დღეს ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და იმ დროიდან ის ჩვენი სამშობლოს მფარველად მიიჩნევა.

საეკლესიო გადმოცემა გვიამბობს, თუ როგორ წუხდა ნაზარეთში მცხოვრები ღვთისმოსავი ოჯახური წყვილი – იოაკიმი და ანა, რომ უფალმა შთამომავლობა არ მისცა. ერთხელ, ტაძრის განახლების დღესასწაულზე მისულმა იოაკიმემ მოისურვა, თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა", სხვა თანატომელებმა კი დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი".

იოაკიმესთვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად, უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. მარტო დარჩენილი ანა კი ბაღში დადიოდა და ტიროდა. უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა:,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს".

ასეთივე ხილვა ჰქონდა იოაკიმსაც. გახარებულმა ანამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე,დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". იოაკიმსა და ანას მართლაც შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც მარიამი დაარქვეს.

გადმოცემის თანახმად, ეს იერუსალიმის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, იოაკიმისა და ანას სახლში მოხდა. ახლა ეს ძველი ქალაქის მუსლიმური უბნის ტერიტორიაა, ლომთა კარიბჭის სიახლოვეს.

ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.

მთავარი თემები