„მზიკოს კუთხე“ – ადგილი, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვავილები გვიამბობენ

© ნათია მახათაძემზიკო კალანდაძე
მზიკო კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზიკო კალანდაძე არ არის მხატვარი, თუმცა ყველა კუთხეს, კედელს ლამაზ ფერებში ხატავს და აფერადებს. არ უყვარს კუთხე, რომელიც ცარიელია. ამიტომ ცარიელ ადგილებს „ხატავს“ ყვავილებით, ბალახით, ხილით, ბოსტნეულით... ის ქმნის სივრცეს, კუთხეს, სადაც ყველა ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

…ასე შეიქმნა „მზიკოს კუთხე“, კუთხე, სადაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებს, დღეებს გაგიფერადებენ და დაუვიწყარ მოგონებად აქცევენ.

© იგორ მატასოვიმზიკო კალანდაძის შექმნილი დეკორაცია
მზიკო კალანდაძის შექმნილი დეკორაცია - Sputnik საქართველო
მზიკო კალანდაძის შექმნილი დეკორაცია

— „მზიკოს კუთხე" არის… აბა, როგორ აგიხსნათ კუთხის ამბავი?! კუთხე არ არის კედელი. ის სიმყუდროვეა, რომელიც ხანდახან ყველას სჭირდება. აი, ხომ არის გამოთქმა – „ჩემი კუთხე ვიპოვე და იქ კარგად ვარ“. სწორედ ასეთი რამეა „მზიკოს კუთხე“. ის უნდა იპოვო, რომ მიხვდე — ეს ისაა… და მერე კარგად ხარ… აქ თავს იყრის ფიქრები ბედნიერი დღეებისთვის.

– როგორია ეს „ფიქრები“?

— ვფიქრობთ იმ პატარას ოთახზე, ახლა რომ დაიბადა და მამიკოს უნდა, რომ დედას და ახალშობილს სიხარულით და ლამაზი გარემოთი დახვდეს…

ვფიქრობთ იმ ხანშიშესულ და საოცარ მოხუც წყვილთან ერთად, რომლებმაც გადაწყვიტეს კვირას სადილზე მთელი ოჯახი შეკრიბონ და მაგიდა იყოს სადღესასწაულოდ მორთული…

ვქმნით ჩვეულებრივი კალენდარული დღეებისთვის, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს, ქორწილისთვის, ფოტოსესიისთვის, ჟურნალისთვის, ეზოს წვეულებისთვის, თქვენთვისაც მოვინდომებ, თუ მომიყვები საოცარ ამბავს…

© Photo: Courtesy by Zura Kartvelishviliშეყვარებული წყვილი
შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
შეყვარებული წყვილი

– რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბედნიერი იყო?

— იყო ბედნიერი – ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, ამინდს, მთავარია შენ გინდოდეს ფერი და უფერულობასაც გააფერადებ.

— როგორ და რატომ გაგიჩნდათ სურვილი შეგექმნათ „მზიკოს კუთხე“, რატომ შეურჩიეთ ეს სახელი?

— რატომ მაინც და მაინც „მზიკოს კუთხე“? მთელი ამ ამბის გასაჯაროება ჩემი მეგობრების დამსახურებაა. ვირტუალურ სამყაროში, როდესაც ესაუბრები იმას, ვისაც ანდობ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, მე მენდომებოდა, რომ მცოდნოდა მისი სახელი, ვისაც ვუყვები ამ ემოციურ ამბებს.

© დავით ჭალიძემზიკო კალანაძე, ნანა თაყაიშვილი და ნინო გეთიაშვილი
მზიკო კალანაძე, ნანა თაყაიშვილი და ნინო გეთიაშვილი - Sputnik საქართველო
მზიკო კალანაძე, ნანა თაყაიშვილი და ნინო გეთიაშვილი

— ვინ გეხმარებათ გეგმების და იდეების განხორციელებაში?

— გვერდში საოცარი ადამიანები – ნანა თაყაიშვილი და ნინო გეთიაშვილი მიდგანან. ნანა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფლორისტია. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ურეკავ და უმოკლეს ვადებში შეუძლებელს შეგაძლებინებენ. რაც დრო გადის, ვაცნობიერებ, რომ მათთან ერთად შეუძლებელი არაფერია. ამ ორ ადამიანზე კი დიდხანს შემიძლია ლაპარაკი.

— რა ეტაპები გაიარეთ სანამ აქამდე მოხვიდოდით?

— მე ახლაც ვმოძრაობ. ეს ისეთი სფეროა, რომ სულ უნდა იმოძრაო. მხოლოდ ამ დროს, როცა მუდამ ფიქრობ, ჩართული ხარ და ეძებ, მხოლოდ ასეთ დროს იქცევა ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად. სულ ახალი უნდა ხდებოდეს, თუ არ ხდება, უნდა მოინდომო და აუცილებლად მოხდება. უნდა იარო წინ, რომ გაიზარდო. ეს მარტივი არ არის. ვისაც ჰგონია, რომ  ყვავილები, დეკორაციები ლამაზი განათება და ბედნიერი სახეები ფოტოზე — ამის მიღება ადვილია,  დამერწმუნეთ, ცდება. ამაზე ბევრი მუშაობა და ფიქრია საჭირო. ჩვენი ბაზარი მწირია, არ არის ერთი სივრცე, სადაც მიხვალ და რაც გჭირდება დაგხვდება. იმისთვის, რომ გაბედნიერდე, რთული, ხშირად თქვენთვის შეუმჩნეველი დეტალების გავლაა საჭირო.

© თაზო წულაიაყვავილები
ყვავილები - Sputnik საქართველო
ყვავილები

— საქართველოში რა სტილი და ფერებია აქტუალური?

— რაც შეეხება სტილის შეთავაზებას, ეს დაუსრულებელი ფერადი და საინტერესო ამბავია. ყველას ხომ თავისი ბედნიერი დღე აქვს? ამიტომ ყველა დღესასწაული განსხვავებული და ინდივიდუალურია.

თუ ხარ ცოცხალი, ყველა სტილი აქტუალურია. ყველა ადამიანს თავისი კუნძული აქვს, ამიტომ ვქმნით იმას, რაც თვითონ მოსწონთ. დღესასწაულებს ჩვენთვის ერთი ჭრილი არა აქვს. რომ შეგიქმნათ ზღაპრული დღე, უნდა ვიცოდეთ – რა არის შენი სტილი, რა მოგწონს და ა.შ. სულაც არ არის საჭირო ჰგავდე სხვას, პირიქით…

© მზიკო კალანდაძის პირადი არქივიყვავილები
ყვავილები - Sputnik საქართველო
ყვავილები

— ექსტრემალურ სიტუაციებშიც გიწევთ მუშაობა?

— არის ამბები, რომლებსაც შემდეგ რომ იხსენებ, შენვე რჩები გაოცებული. აი, მაგალითად, როგორ იმუშავე —10 გრადუს ყინვაში, როგორ ატარე ყვავილი  მიუვალ ადგილზე მანქანით, რომ დეკორაციები აგეწყო, როგორ ააღწიეთ მწვერვალზე, რომ წყვილისთვის ხელის მოწერის ცერემონია გაგემართათ, როგორ ემოციურად ზიხარ დიდ სატვირთო მანქანაში, ყვავილებთან ერთად და მძღოლი ვერაფრით იგებს, თუ რატომ აჩერებინებ მანქანას გზადაგზა და რატომ ამოწმებ ხშირად, რა მდგომარეობაშია ყვავილები.

მე, ნინო და ნანა ხანდახან ვხალისობთ ხოლმე, ზღაპრებში დევებს ერთ ღამეში ზღაპრული ბაღის მოწყობას რომ დაავალებენ და დილით ბაღი მართლაც ხვდებათ მოწყობილი. დაახლოებით მსგავსი ამბები ხდება ხოლმე ჩვენთან.

© თაზო წულაიაგოგონა გვირგვინით
გოგონა გვირგვინით - Sputnik საქართველო
გოგონა გვირგვინით

— ქორწილი ყველა ქალისთვის საოცნებო და განსაკუთრებული დღეა. რას გრძნობენ პატარძლები, რა ემოციას გამოხატავენ, როცა თქვენ მიერ გალამაზებულ გარემოში ხვდებიან?

— ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მართლაც ძალიან ემოციურია. ჩვენც ემოციურები ვართ. წარმოიდგინეთ, რომ იღებთ წერილებს, ან გირეკავენ და გეუბნებიან:

— თქვენი გაკეთებული თაიგული ვერ ვისროლე, რადგან ულამაზესი იყო…

— ვერც კი ვიოცნებებდი ამაზე…

— ვინ წარმოიდგენდა, რომ იმ ადგილზე ასეთი სასწაული გამოვიდოდა…

— მზიკო, მამაჩემმა იტირა, რომ დამინახა… და მადლობა…

— უბრალოდ ბედნიერი ვარ…

— გოგოებო, თქვენ რამე ჯადოსნური ჯოხი გააქვთ?..

— იცოდე, ჩემი შვილი უნდა მონათლო…

ამ ყველაფრის და ბევრი უფრო ემოციური წერილის მერე აღარ ფიქრობ, რომ ღამეები არ გეძინა, რომ უკიდეგანოდ დაიღალე, რომ შუშის კარი ვერ დაინახე და დავარდი.

© მახო ყიფშიძესუფრის დეკორაცია
სუფრის დეკორაცია - Sputnik საქართველო
სუფრის დეკორაცია

— ასეთი მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებული იდეები როგორ იბადება?

— იდეები არ გვაკლია, პირიქით, მრავლად გვაქვს და  რაღაც იდეებს თაროზე, სკივრშიც კი ვინახავთ, რომ შემდეგ ადრესატი ვუპოვოთ.

— ფასები საიდან სადამდე მერყეობს?

— ფასები ძალიან ინდივიდუალურია. ერთი ფასი ვერ ექნება. გაჩნია რა სტილი გინდათ, რამდენი ლოკაცია გაქვთ, სად აკეთებთ და ა.შ. ზოგს ჰგონია, რომ  რადგან მინდვრის ყვავილები უნდა, ეს იაფია. მრავალფეროვანი, ასევე სწორად შერჩეული და კომპოზიციურად აწყობილი, გამართული მინდვრისყვავილებიანი პროექტი შეიძლება ბევრად მეტიც ღირდეს, ვიდრე ადგილობრივი ვარდებით გაფორმებული, რომელიც სეზონურად ძვირი სულაც არ არის. ამიტომ კითხვაზე, „ქორწილი რა ღირს?“ ზუსტ პასუხს ვერ გავცემ. გააჩნია თქვენ რა გინდათ.

— თქვენი საყვარელი ყვავილი რომელია?

— საყვარელ ყვავილს ვერ გამოვყოფ. ან როგორ უნდა გამოყო ის, ვინც ერთად გიყვარს. მარტო ყვავილები არც მიყვარს. მარტო ყვავილი ცარიელ ოთახს ჰგავს, მას სჭირდება ფოთლები, ნაყოფი, ხანდახან ხილი და ის ბუნების საოცრებები, რომლის მერე ყვავილი სწორედ ისაა, რაც არასოდეს დაგავიწყდება. ის, რაც ყველა ასაკში და ყოველთვის მიყვარს და მაოცებს, ესაა ბროწეული. ბროწეული არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხეც, ფოთოლიც, ყვავილის ნაყოფიც. აი, ბროწეულისთვის სულ ვამბობ მადლობას, რადგან დედამიწაზე გვაქვს.

© ნატა აბაშიძე-რომანოვსკაიაბროწეული
ბროწეული - Sputnik საქართველო
ბროწეული

— უცხოელი დამკვეთები ხშირად გყავთ?

— დიახ, ხშირად გვაქვს ტურისტული ქორწილები. ისინი იმიტომ ჩამოდიან, რომ ღია ცის ქვეშ, მთებში, ან სადმე მინდვრად იქორწინონ. უცხოელები ამ თარიღს სხვანაირად უყურებენ. წლების მანძილზე გეგმავენ და მათთვის ყველა დეტალი განსაკუთრებული ამბავია. ყველაფერზე წინასწარ აქვთ ნაფიქრი. მათთვის მთავარია გარემო, ემოციური ფოტოები, დეკორაცია და განათება. ჩვენ ხანდახან ორი დღით ადრე გვახსენდება, რომ ქორწილი გვაქვს. ყველაზე ბოლოს, როცა ყველა ხარჯს გაწევენ, მერე ფიქრობენ ყვავილებზე, გაფორმებაზე. ჩვენები შეიძლება უფრო გემოვნებიანები იყვნენ, თუმცა გამბედაობა აკლიათ. რატომ გინდა ისეთი, როგორიც შენ თანამშრომელს ჰქონდა, როცა შენ ისეთი შეიძლება გქონდეს, როგორიც არავის არ ჰქონია?

ეს ის სფეროა, სადაც შეიძლება ჯერჯერობით ისეთივე დიდი ისტორია არ გვაქვს, როგორც სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ მალე ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე ადრე და ახლა.

ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია, დეტალურად გვახსოვს, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება დამავიწყდეს შენი ბედნიერი დღე, მაგ დღის ბედნიერება ხომ ემოციურად ჩვენიც იყო…

ყველა ახალი ამბავი
0