14:10 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
არტ ვილა გარიყულა

სოფელ ახალქალაქში არტ-ვილა გარიყულას „კოშკის“ აღდგენა დაიწყო

© FB/ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
23 0 0

პროექტის ფარგლებში იგეგმება „კოშკის“ როტონდის გამაგრება, ასევე მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულას „კოშკის“ აღდგენა დაიწყო, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება „კოშკის“ როტონდის გამაგრება, ასევე  მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.

როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა. აღდგენის შემდეგ როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება.

არტ-ვილა გარიყულა, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა. ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და აწ უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი. 

სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა. მეურნეობა მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით, რომელიც დღემდე მოქმედია, ასევე სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებსა და საკონსერვო წარმოებას. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა–პანსიონი გახსნეს.

მოგვიანებით შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრად დანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ. 

ბოლგარსკიანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრად დანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა — გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც, 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.

შენობის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის — Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით. 


მთავარი თემები