გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის?

© Sputnik / Alexander ImedashviliПарламентские выборы в Грузии - второй тур
Парламентские выборы в Грузии - второй тур - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე მერობისა და გამგებლობის კანდიდატი ყველა რაიონში გამოკვეთილია და კანდიდატებმა უკვე იციან, ვის სად წარადგენენ.

ხელისუფლება არც ყოფილებს დატოვებს უყურადღებოდ და მოქმედ გამგებლებს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესში დასაქმებას ჰპირდება. თბილისის მასშტაბით ინტრიგა არ შედგა და მოსალოდნელია, რომ დრამატულად მოვლენები აღარ შეიცვლება.

NDI-ის გამოკვლევების გამოქვეყნებამ მეცნიერულად განამტკიცა ის აზრი, რომ თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია, თუმცა აქ ისიცაა გასათვლელი, ვინ როგორი პიარ-კამპანიის ჩატარებას შეძლებს. ამ მხრივ თბილისში სახელისუფლებო კანდიდატის, კახი კალაძის ფინანსური რესურსი გამოკვეთილია. 36 მილიონისა და დიდი სახელისუფლებო რესურსის მქონე კალაძე საკუთარი გუნდის შერჩევითა და თბილისის რაიონების სავარაუდო გამგებლებთან კონსულტაციებითაა დაკავებული და ხალხში გაჭრას ჯერ არ ჩქარობს. ეს მაშინ, როცა ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ხვდება მოსახლეობას ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია. ნაკლები მედიაგაშუქება და მეტი რეიტინგი აქვს ალეკო ელისაშვილს, რომელიც ასევე ყოვდლდღიურად ხვდება ამომრჩევლებს.

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: გვინდა რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩავატაროთ

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაანონსა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ გაყალბების თავიდან ასაცილებლად. პრინციპში, ეს შესაძლებელია, თუ პარტიები თითო საარჩევნო უბანზე თითო ერთგულ და კომპეტენტურ ადამიანს მაინც მიავლენენ, რომლებიც დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ. მთავარი თემა კი მაინც პარტიების გარიგებაა — გავინაწილოთ მარჯვენა და მარცხენა ფლანგები და დავრჩეთ ხელისუფლებაში. ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა გაარკვია, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოცნების ოფისში ან სათანადო ორგანოებში იყო დაწერილი.

მაშინ, როცა ევროპულ საქართველოს თავი ერთადერთ ოპოზიციურ ძალად მიაჩნდა, რომელიც ხელისუფლებას კონსტრუქციულად აკრიტიკებს, მოულოდნელად იმავე ფრონტზე წარმატებული გიორგი ვაშაძე გამოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან ერთად სერიოზული განაცხადით. ის ოპოზიციას გაერთიანებას სთავაზობს.

ვაშაძემ შესანიშნავად იცის, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება. როგორც გაირკვა, ნაციონალებმა ამ შეთავაზებისაგან თავიდანვე შორს დაიჭირეს თავი. ნაციონალებს ვაშაძის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ, რადგან ის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი და ივანიშვილთან დაახლოებული ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და არც ფინანსები აკლია.

ასევე გარკვევით თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომ „შენების" მოძრაობა არავის სასარგებლოდ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და პრაიმერში მონაწილეობას.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
რა შანსები აქვთ "ქართულ ოცნებასა" და სხვა პარტიებს ადგილობრივ არჩევნებზე

სხვათა შორის, განსხვავებული და საინტერესო იყო მოძრაობის გადაწყვეტილება, თბილისის მერობის კანდიდატად წარედგინათ თენგიზ შერგელაშვილი. ის ადგილობრივი თვითმმართველობის კობახიძის მიერ დაწუნებული რეფორმის ავტორი და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. უსუფაშვილმა ასევე საინტერესო გუნდი წარადგინა თბილისის საკრებულოსა და გამგებლობის კანდიდატებად.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც კანონმდებლობის, ასევე სამოხელეო საქმიანობის კუთხით შერგელაშვილი ყველაზე გამოცდილი კადრია, მისი მთავარი მიზანი ამ არჩევნებზე შესაძლოა იყოს მოსახლეობის გათვითცნობიერება საკუთარ უფლებებსა და თვითმმართველობის ფუნქციებში. ის არაა საჯარო პოლიტიკოსი. ამ მხრივაც ჩანს, რომ უსუფაშვილი-შარტავას გაერთიანება უფრო 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის არჩევნებისათვის აკეთებს გათვლას და დიდი ალბათობაა, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. ის, რომ ამ გაერთიანებას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ეს მაიკ პენსის ვიზიტის დროსაც გამოჩნდა, მიანიშნებს, რომ წესით, გაერთიანებას პარლამენტში 4 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს. მით უმეტეს, დიდი შანსია, რომ ამ ორბიტაზე მარგველაშვილისა და ალასანიას გუნდი, ასევე რესპუბლიკელებს დაემატონ.

რატომ არ ჩქარობს კახი კალაძე საარჩევნო კამპანიის დაწყებას? საქმე ისაა, რომ აგვისტოში თბილისელთა დიდი ნაწილი რაიონებში და ზღვაზეა. შესაბამისად, ესაა საუკეთესო დრო საარჩევნო პროგრამის, გუნდის, სიების ჩამოსაყალიბებლად. სექტემბერ-ოქტომბერში კი სერიოზული კამპანიაა დაგეგმილი. კალაძეს არა იმდენად ოპოზიციისთვის, არამედ საკუთარი თანაგუნდელებისათვის მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის საუკეთესოა.

მას პირველივე ტურში ოპოზიციის დამარცხება 2020 წლისათვის დიდ ფორას მისცემს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერის მძიმე არჩევანი

მართალია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თბილისის შესანარჩუნებლად, მაგრამ მთავრობის ბევრი წევრი უარს არ იტყოდა ეჩვენებინა, რომ კალაძის მთელი წარმატება მის გუნდზეა დამოკიდებული და არა — მის საკუთარ ავტორიტეტსა და ფულზე.

მეორე ტური რომ იქნება, ამაში დარწმუნებულია ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებას სწორედ მეორე ტურში აქვს აზრი და აქ ძალიან საინტერესო შანსი აქვს ალეკო ელისაშვილს, რომელიც ყველა სეგმენტის ამომრჩეველზე მუშაობს და რომელიც ერთადერთი კანდიდატია, რომელიც აცხადებს, რომ იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის.

მეორე ტურები მოსალოდნელია საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში. ძალიან საინტერესო სურათი იხატება ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქ ქუთაისში, სადაც

ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გადაწყვეტილი, სახელისუფლებო პარტია უპირატესობას მოქმედ მერს, შოთა მურღულიას მიანიჭებს თუ ვიცე-გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიას, რომელიც ასევე კალაძის ფავორიტად ითვლება. საუბარია ასევე ქუთაისური წარმოშობის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე, რომელსაც პარტია აგვისტოს ბოლოში წარადგენს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება

ოპოზიციისაგან განსხვავებით, ხელისუფლება არ ჩქარობს. თუ ელენე ხოშტარიას დაპირებული 50-ლარიანი საპენსიო დანამატი რეალურად ევროპელი დემოკრატების

ხმების დამატებაზეა გათვლილი და მის შესრულებას პარტია იმიტომ ვერ შეძლებს, რომ არჩევნების მოგების ნაკლები შანსი აქვს,

ხელისუფლებას ნოემბერშივე მოსთხოვს მოსახლეობა ყველა დაპირების შესრულებას.

არც ე. წ. პრორუსული პარტიების შესახებ ღირს დავიწყება. ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე უკიდურესად გაღიზიანებულ ამომრჩევლებზე მუშაობენ.

თუ ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა თბილისის მერობის კანდიდატად, ფრაქციის შექმნას თბილისის საკრებულოში ისინი შეძლებენ. საკმაოდ სიმპატიური პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე ნაძალადევის რაიონში ბოლო არჩევნებზე დრამატულად დამარცხდა ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილთან.

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
ფიქრები ქალაქის მერის არჩევნებამდე, ანუ მე მინდა ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა

სხვათა შორის, საუბარია ზოგიერთ რაიონში ბურჯანაძის პარტიისათვის საკრებულოს თავმჯდომარეების პოსტის დათმობაზე, თუმცა რამდენად შედგება ეს გარიგება, ამის თქმა ჯერ ნაადრევია. საინტერესო იქნებოდა ბურჯანაძის კანდიდატურა ქუთაისის მერის პოსტზე, თუმცა მისი წაგება ძალიან დიდი რისკია ისეთი პოლიტიკოსისათვის, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ვატერლოო იქნებოდა პარტიის ლიდერისათვის.

მოკლედ, რომ არა ალეკო ელისაშვილის ფაქტორი, წინ საკმაოდ რთული, მაგრამ მოსაწყენი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერები ძალებს გრძელ დისტანციაზე სირბილში საპარლამენტო არჩევნებისთვის ზოგავენ, რაც ადგილობრივ არჩევნებს პოლიტიკურ ხიბლს აცლის…

სავარაუდოდ, ეს იქნება ტიპიური ქართული არჩევნები — ცემა-ტყეპით, გარიგებებით, გაყალბებებითა და საძმო-სამეგობროების ჭიდილით, ძალოვანების ჩარევით. ხელისუფლებადემოკრატიულად შეიცვლება და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრით დაკომპლექტდება მაშინ, როცა თავად საზოგადოება მზადაა დემოკრატიული რეფორმებისათვის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0