ნოსტალგიად დარჩენილი ბოჰემა

© facebook.com/culturegovgeთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1890 წლისს 18 ივნისს ოზურგეთში დაიბადა ბიჭი, რომელის ნიჭმა და ხელოვანის უბადლო ოსტატობამ ჯერ საოპერო და მერე კინოხელოვნებას ბოჰემური თბილისის სიმბოლოდ წოდებული „ქეთო და კოტე“ აჩუქა.

თბილისში ბედის საძებნელად გადმოსახლებულმა ხელმოკლე დოლიძის ოჯახმა იმდენი მოახერხა, რომ ვიქტორი კომერციულ სასწავლებელში შეიყვანა. კომერცია კომერციად, მაგრამ მუსიკალური ნიჭით უხვად დაჯილდოებულმა (ოჯახიდანაც მოსდგამდა) მანდოლინასა და გიტარაზე დამკვრელი ბავშვებისგან ანსამბლი შეადგინა, რომელსაც თითქმის ბავშვი თავად ხელმძღვანელობდა. სწორედ მუსიკამ ჰქნა ის, რომ შემდგომში კიევის კომერციული სასწავლებლიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა – ოპერები ეწერა. 

„ქეთო და კოტეს“ პრემიერა 1919 წელს შედგა. საინტერესო ის იყო, რომ ვიქტორ დოლიძემ ავქსენტი ცაგარლის ცნობილი პიესა „ხანუმა“ (რომელიც შემდეგ თითქმის მთელ საბჭოთა კავშირში დაიდგა) თავისებურად შეცვალა და ახალი ლიბრეტო ოპერას მოარგო. კომპოზიტორის ეს ძალიან თამამი ნაბიჯი ფურორად გადაიქცა. დოლიძის ოპერა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის ოცმა საოპერო თეატრმა შეიტანა თავის რეპერტუარში. ის პოლონეთის, ჩეხეთისა და ბულგარეთის სცენებზეც პოულობდა აღიარებას.

მართალია, 1947 წელს ცნობილმა რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმად გადაღებულ მიუზიკლს „ქეთო და კოტე“ საფუძვლად ორივე, ცაგარლისა და დოლიძის ვარიანტი დაუდო საფუძვლად, მაგრამ დოლიძის კლასიკად ქცეული მუსიკა მაინც ძირითადი ბაზისი გახლდათ. 

მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტისა და მოხდენილი თეატრალური დრამატურგიის მქონე საოპერო ნაწარმოებმა კინო-მიუზიკლზე მუშაობა საკმაოდ იოლი გახადაო — იგონებდნენ ფილმის ავტორები.

სუფრასთან სიმღერა ქართველებისთვის უცხო ხილი არ არის და ამ ოპერისა და ფილმის შედევრებს სუფრასთან ისე მღერიან, როგორც ჩვეულებრივ, სუფრულ რეპერტუარს.

თავად ეს ყველაფერი — ქართული ქალაქური ფოლკლორისა და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციების შეხამება საკმაოდ ეფექტურ მუსიკალურ ფენომენად დამკვიდრდა და აქამდე მოდის. 

იქნებ ბევრს არც ეს ფილმი უნახავს და არც ეს ოპერა მოუსმენია, მაგრამ ვინც ნახავს, დილიდან არ მოსცილდება დიდებული განწყობა და თავისი თვალით იხილავს — როგორი იყო ბოჰემური თბილისი! 

 

მერაბ ხაჩიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0