ელვის პრესლის უველოსიპედო ბავშვობა...

© AP Photoელვის პრესლი 1956 წელი
ელვის პრესლი 1956 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი, როგორც სჩვევია, ცოტა ჰერბერტ უელსის “დროის მანქანას“ დაემსგავსება და დაგვაბრუნებს 1977 წელში. რაც შემეხება მე, სიამოვნებით ვბრუნდები, რადგანაც მაშინ 16 წლის, ნაწნავიანი და ოცნებებიანი დავდიოდი თბილისის ქუჩებში…

მაშინ მოდაში იყო „როლინგსტონები“, მარტო ჯგუფი კი არა, ყელზე მომდგარი სვიტერები, ასევე პლატფორმები და აქეთ-იქით ლამაზი სიარულები, განსაკუთრებით თბილისურები…

რაც შეეხება ამ ჩვენს აივანს და, მით უმეტეს, ბროწეულს, სავარაუდოდ, ისინი მაშინ ჯერ დაბადებულებიც არ იყვნენ.

ჩვენ კი 1977 წლის 26 ივნისს იმიტომ ვუმიზნებთ, რომ სწორედ ამ დღეს ინდიანაპოლისში – ინდიანას შტატის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც ადრე მაიამების და დელავერების ინდიელთა ტომები ბინადრობდნენ და სადაც 100 ქალბატონზე მხოლოდ 93 მამაკაცი მოდის, შედგა როკ-ენ-როლის იმ დროისთვის უკვე აღიარებული მეფის ელვის პრესლის ბოლო კონცერტი.

აბა, ვინ იცოდა, რომ კონცერტი ბოლო იქნებოდა და ამიტომაც დღეს შემონახულია მხოლოდ მოყვარულების მიერ გადაღებული კადრები. ეს იყო ელვისის ბოლო გამოსვლა. 1969 წლიდან ამ დღის ჩათვლით ის 1156-ჯერ გამოვიდა სცენაზე, რა თქმა უნდა, ცოცხალი შესრულებით, არავითარი ფონოგრამები…

ბოლო სიმღერის წინ ელვისმა სრულიად მოულოდნელად (ასეთი რამ ადრე არასდროს ჩაუდენია) მადლობა გადაუხადა მასთან მომუშავე ყველა ადამიანს, დამლაგებლების ჩათვლით. ეცვა თავისი სახელგანთქმული თეთრი „შლიაქსები“, გამოპრანჭული კი ჩანდა, მაგრამ სევდიანი… ზედმეტად სევდიანი, თავისი სულ რაღაც 42 წლისთვის.

მისი ბოლო სიმღერა კი იყო… შარფშემოხვეული…

Can’t Help Falling in Love With You

70-იან წლებში ამერიკული პრესა წერდა: „ამერიკამ მსოფლიოს ოთხი უდიდესი რამ აჩუქა — ამერიკული ფეხბურთი, მიკი მაუსი, კოკა-კოლა და ელვის პრესლი. აქედან ერთი — ადამიანია“.

ელვისი მართლაც ადამიანი იყო, რომლის ენერგიული და მომღიმარე სახის მიღმა სინამდვილეში იმალებოდა საოცრად ფაქიზი კაცი, რომელიც ვერ იტანდა სიმარტოვეს და ბედნიერებაზე ოცნებობდა.

ელვისმა თავისი პირველი გიტარა საჩუქრად მიიღო, როცა 11 წლის გახდა. თურმე ველოსიპედს ელოდა, მაგრამ მშობლებს ფული არ ეყოთ. ცოტა ხანში მან გიტარა 8 დოლარად გაყიდა, მაგრამ მაინც ვერ შეაგროვა ველოსიპედის საყიდელი ფული და დარჩა უველოსიპედოდ და უგიტაროდ.

ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა — თუ შენ ბავშვობაში ველოსიპედი არ გქონდა, მერე Ferrari La Ferrari-ც რომ შეიძინო, 12-ლიტრიანი ძრავით, კვასკვასა წითელიც, შენი ბავშვობა მაინც უველოსიპედო დარჩებაო…

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ელვისი მუშაობდა მენაგვედ, შემდეგ სატვირთო მანქანის მძღოლად და კვირაში 45$-ს იღებდა. როდესაც ის მივიდა ჯგუფი Smith’s-ის ლიდერ ედი ბონდთან, ედიმ პრესლის უთხრა: „შენ ვერასდროს ვერ გახდები ცნობილი მომღერალი, რადგან სატვირთო მანქანის მძღოლები, როგორც წესი, ცნობილი მომღერლები ვერ ხდებიან“.

გავიდა წლები, ელვისი ცნობილზე ცნობილი მომღერალი გახდა, ხოლო ედი ბონდს მხოლოდ იმის გამო იხსენებენ, რომ მისი არცთუ კეთილისმსურველი წინასწარმეტყველება არ ახდა.

როგორი გულწრფელია აქ ელვის პრესლი, საოცრად, ბავშვურად ბუნებრივი…

იცით, როცა ელვისი ძალიან სახელგანთქმული გახდა და მას მისი გამოსვლის კადრები აჩვენეს, ასე თქვა:

„ვიღაც ფეხის ტაქტს აწვება, ვიღაც – თითებს ატკაცუნებს, ვიღაც – აქეთ-იქით ირხევა, მე უბრალოდ ეს ყველაფერი ერთდროულად გავაკეთე“.

1956 წელს ელვისმა შოკში ჩააგდო ამერიკის შეერთებული შტატები — თავისი მუსიკით, ჩაცმულობით, მანერებით და… ახალგაზრდობით. ამერიკა, რომლის კერპიც იმ დროს იმპოზანტური და ოდნავ „განგსტერული“ ფრენკ სინატრა იყო, გაოგნდა. გაოგნდა ყველა, მაგრამ თავად სინატრა ყველაფერს მიხვდა:

ელვისი შესანიშნავი შვილი იყო, ის აღმერთებდა თავის დედას. გლედისი კი ყოველ ღამეს ტელეფონის ყურმილჩახუტებული იძინებდა, დილით ელვისის სიტყვები რომ გაეგონა — „ყველაფერი კარგად არის, დედა“…

რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია მშობლებს აჩუქო ის, რაზეც ოცნებობენ… მე, მაგალითად, ვერ შევძელი და ვერ მოვასწარი — დედიკოს ნამდვილი ქურქი ვერ ვუყიდე.

ელვისმა მოასწრო და გლედისს შესანიშნავი ვარდისფერი „კადილაკი“ აჩუქა.

საერთოდ, რაღაც სხვანაირად გულიანი ბიჭი იყო… თავისი პირველი და ერთადერთი მეუღლე — პრისცილა ჯარში სამსახურის დროს გაიცნო, ელვისი 19 წლის იყო, პრისცილა — 14-ის.

ზუსტად 9 თვეში მათ გაუჩნდათ შესანიშნავად ლამაზი ქალიშვილი, მაიკლ ჯექსონის და შემდეგ ნიკოლას კეიჯის მომავალი მეუღლე — ლიზა-მარი პრესლი.

როგორ საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე უსაშველოდ ლამაზი და აბსოლუტურად დაუცველი იყო.

ელვისი, ერთი შეხედვით, ყველას უყვარდა, ის თავად პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის შორეული ნათესავი იყო. მოჰამედ ალიმ მას მოკრივის ხელთათმანი აჩუქა წარწერით — „შენ ყველაზე დიდი ხარ“. 1970 წელს ელვის პრესლი რატომღაც სიდუმლოდ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა, შეხვედრის დროს კი ასეთი შეკითხვა დაისვა — „თქვენ ცოტა უცნაურად იცვამთ, რატომ?“ პრესლიმ გაიღიმა და უპასუხა — „მისტერ პრეზიდენტო, თქვენ თქვენი შოუ გაქვთ, მე კიდევ ჩემი“.

ბევრმა არ იცის, რომ ელვის პრესლი 15 თვის ასაკში გადაურჩა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტორნადოს, რომ ის კარატეში „შავი ქამრის“ მფლობელი იყო, რომ აშშ-ის გარეთ გასტროლებზე არ გადიოდა ერთადერთი მიზეზით — მისი მენეჯერი, არალეგალი ემიგრანტი ჰოლანდიიდან საკუთარ თავს უფრთხილდებოდა, რომ არ უყვარდა თევზები და პრისცილას კატეგორიულად აუკრძალა მათი გამოყენება მენიუში, რომ უყვარდა ყველა…

სიკვდილის წინ კი, როცა გააფრთხილეს — აბაზანაში წიგნით არ დაიძინოო…

გაიღიმა და თქვა: „OK, გპირდებით“…

გისურვებთ ელვის პრესლივით გულწრფელ და შესანიშნავ დილას!

 

ყველა ახალი ამბავი
0