15:40 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიუნხენის-ტექნიკური-უნივერსიტეტი

საქართველო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტანდარტებს იყენებს

© FB / TU München
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

საქართველოში მასშტაბურ საუნივერსიტეტო კომპლექსს აშენებენ, სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების დროს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტანდარტებს გამოიყენებენ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" განვითარებაში, რომლის მშენებლობა საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის, დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველ დირექტორ დანიელ გოტშალდთან თანამშრომლობის განხილვისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შეხვედრა გამართა.

სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნხენის უნივერსიტეტის სტანდარტები. გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში" კონსულტაციებს გაუწევენ.

გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში" ინოვაციების ცენტრის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება.

„ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში", — ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი" 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ".

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის — საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. ყოველწლიურად, უნივერსიტეტი 1000-ზე მეტ ხელშეკრულებას აფორმებს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.

მანამდე „Sputnik საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში უდიდესი სტუდენტური ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს. ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

მისი თქმით, უნივერსიტეტის გახსნა დადებითად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე ქალაქზე და პირველ რიგში მის ეკონომიკურ შემადგენელზე.

 

მთავარი თემები