მეამბოხეები კონგოდან ქართველი პილოტის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

© AFP 2024 / STRსამხედრო პატრული კონგოში
სამხედრო პატრული კონგოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეამბოხეთა მოძრაობის ლიდერის თქმით, ქართველი პილოტი კონგოს სამთავრობო ჯარმა მოკლა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართველი პილოტი სოსო ოსორაული, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა ტყვედ აიყვანეს, მიმდინარე წლის მაისში დაიღუპა, განაცხადა მეამბოხეთა მოძრაობა „23 მარტის" (М23) ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ ტელეარხ Imedi-თან ინტერვიუში.

გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის მეამბოხეებმა ოსორაული ტყვედ 2017 წლის იანვარში აიყვანეს. ზოგიერთი მონაცემებით, მეამბოხეები ტყვის გათავისუფლებაში ერთ მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრომ მაისში მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„თქვენი მოქალაქე 2017 წლის 13 ან 14 მაისს დაიღუპა. კონგოს სამთავრობო ჯარი თავს მოულოდნელად დაგვესხა. ჩვენ თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის უნდა გადაგვეცა. ამ დროს კონგოს ხელისუფლებამ განახორციელა ეს ოპერაცია, რა დროსაც თქვენი მოქალაქე დაიღუპა. ამ შეტაკებისას ჩვენი 6 მებრძოლიც დაიღუპა, რომლებიც თქვენი მოქალაქის უსაფრთხოებას იცავდნენ", — აცხადებს ბისიმვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო უწყებაში ოსორაულის ახლობლებთან შეხვედრა მისმა ძმამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ამასთან ერთად ბისიმვამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოსორაულის გათავისუფლებაში მათ ფული მოითხოვეს.

„ჩვენ არ ვართ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულს ითხოვს მოქალაქის გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზგასმით განვმარტეთ, რომ ჩვენ ფულს არ ვითხოვდით", — აღნიშნა მან.

ბისიმვას თქმით, ერთადერთი მათი მოთხოვნა ის იყო, რომ ოსორაულის გათავისუფლების შემდეგ ის კონგოდან წაეყვანათ, რათა მას ადგილობრივებთან ერთად არ ებრძოლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მფრინავის დაღუპვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა. უწყებაში ასევე მიიჩნევენ, რომ ოსორაული დაიღუპა.

„ისინი ადასტურებენ და ასევე მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს, სადაც ეს შეტაკება მოხდა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის შემთხვევაში მზადყოფნას აცხადებენ, დახმარება გაუწიონ მათ იმისათვის, რომ ცხედრის აღმოჩენა და მისი გადასვენება მოხდეს", — განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ.

ამასთან ერთად, ოსორაულის მეუღლეს არ სჯერა, რომ მისი ქმარი დაიღუპა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან, სანამ პილოტის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა.

„ისინი (საქართველოს ხელისუფლება) კონგოს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ? იკითხეს, რა ხდება? კონგოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას (ოსორაულის დაღუპვის შესახებ) კატეგორიულად უარყოფს. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც შეუძლიათ. მე არ მჯერა ამ ინფორმაციის", — განაცხადა ქართველი პილოტის მეუღლემ ნინო ოსორაულმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

კონგოს პოლიცია - Sputnik საქართველო
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ბედი უცნობია

ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალების თადარიგის პოლკოვნიკია. ოჯახის წევრების თქმით, მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა და კონტაქტზე პერიოდულად გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო არ გააჩნია, ის ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს საელჩოს საშუალებით ახორციელებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარსა და ანტისამთავრობო ფორმირებებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2004 წლიდან გრძელდება. მოძრაობა M23 ტუტსის ეთნიკური უმცირესობის ინტერესებისათვის იბრძვის და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება М23-ის ბოევიკების მხარდაჭერაში მეზობელ რუანდას ადანაშაულებს, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება ამას არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0